საქართველოში საწვავის ფასები უახლოეს პერიოდში შემცირდება

ბოლო პერიოდში მსოფლიოში ნავთობის ფასის კლების ტენდენციები ფიქსირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ”ფასის კლების ტენდეციები განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ერაყში არსებულმა კრიზისმა გავლენა ვერ მოახდინა ამ ქვეყანაში ნავთობის მოპოვებასა და ასევე მის ექსპორტზე, რომელიც დღეს რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე დგას”.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, ამ ეტაპზე ნავთობის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს ღაზას სექტორში არსებული კრიზისიც. ”ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციები დიდი ალბათობით არ შეეხება ნავთობისა და გაზის ექსპორტს, ხოლო ლიბიაში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს ნავთობის ფასზე, ნავთობის მოპოვების ისედაც დაბალი დონის გამო”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე PLATT”S-ის მიხედვით მცირდება. კერძოდ, საერთაშორისო ფასები ბენზინზე 1000 დოლარიან ნიშნულს ჩამოცდა. 29 ივლისის მდგომარეობით, საერთაშორისო ფასი ბენზინზე შეადგენს 982 დოლარს/ტონაზე, ხოლო დიზელზე (10ppm) - 907 დოლარს/ტონაზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოში საწვავის ფასები უახლოეს პერიოდში შემცირდება.