ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, შპს "საქართველოს საერთაშორისო ტურიზმის" დამფუძნებელი ჯემალ ხახუტაიშვილი, მოქალაქეები მამუკა მელიქიშვილი და ზაზა მორჩილაძე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯემალ ხახუტაიშვილმა, მამუკა მელიქიშვილმა და ზაზა მორჩილაძემ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, თითქოსდა მათ მოქალაქეს გაუწიეს 127 000 ლარის ღირებულების სატრანსპორტო მომსახურება, ამის სანაცვლოდ მათ 37 000 ლარი აიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.