აღმწერის ანაზღაურება 400-დან 500 ლარამდე იქნება

აღმწერის ანაზღაურება 400-დან 500 ლარამდე იქნება.

ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში, აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე საბუთების მიღების დაწყების თაობაზე გახდა ცნობილი.

მისივე განმარტებით, პოზიციის დასაკავებლად ასაკობრივი ზღვარი დაწესებული არ არის და დასაქმება საშუალო განათლების მქონე ადამიანსაც შეუძლია. დასაქმდებიან ასევე სტუდენტებიც.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე საბუთების მიღება დღეიდან დაიწყო. განაცხადების მიღება 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.

მერი დაუშვილის ცნობით, პროექტის ფარგლებში დასაქმდება 12 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე დაახლოებით ათი ათასამდე ვაკანსიაა. განაცხადი განთავსდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე WWW. HR.GOV.GE ასევე, საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე WWW.GEOSTAT.GE და WWW.CENSUS.GE

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, მსურველებს, რომლებიც განაცხადის ელექტონულად შევსებას ვერ შეძლებენ, საშუალება ექნებათ, საჭირო დოკუმენტაცია - მოკლე ავტობიოგრაფია, CV, პირადობის მოწმობის ქსეროასლი, საქსტატის ადგილობრივ ოფისებში მიიტანონ.