საგადასახადო კოდექსი იცვლება

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისკენ.

"საგადასახადო კოდექსში იქნება შეტანილი შემდეგი ცვლილებები: პირველი, ეს არის შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურების გათავისუფლება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ზოგიერთ შემთხვევაში უცხოელებს საქართველოში შემოაქვთ ნედლეული, მასალები; ხდება ქართული საწარმოების მიერ ამ ნედლეულის და მასალების გადამუშავება, მათთვის საბოლოო, სასაქონლო სახის მიცემა და უკან ექსპორტზე გატანა. ნებისმიერი ექსპორტი საქართველოში გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, მაგრამ ეს მომსახურება არ იყო გათავისუფლებული. ჩვენ DCFTA საშუალებას გვაძლევს, რომ წავახალისოთ ასეთი ტიპის საწარმოების ფუნქციონირება, ამიტომ შემოვდივართ წინადადებით, რომ ეს პროცესი გათავისუფლდეს დღგ-სგან", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კოდექსში შედის, მინისტრის თქმით, არის ის, რომ მარტივდება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმები.

"საქართველოს კურორტებზე უკვე განვითარდა ისეთი მიმართულება, როგორიცაა ტურისტული ობიექტის აშენება და შემდეგ ცალკეული ნომრების გაყიდვა. ამავე დროს მფლობელებს საშუალება ეძლევათ, რომ როდესაც თავად არ ხმარობენ ამ ნომრებს, გააქირავონ ისინი. ხდება შეღავათების დაწესება, გამარტივდება ადმინისტრირება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე, დააინტერესებთ ის, რომ ახალი ცვლილებებით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ აღემატება 5 000 ლარს, შესაძლებელია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გადავადებული იქნას ყოველგვარი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე.

ასევე, პროექტის თანახმად ჩამოწერას დაექვემდებარება: 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმა.