ნოდარ ხადური: "საგადასახადო კოდექსში" ინიცირებული ცვლილებები ფისკალურად ბიუჯეტს არაფერს დააკლებს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, "საგადასახადო კოდექსში" ინიცირებული ცვლილებები ფისკალურად ბიუჯეტს არაფერს დააკლებს.

"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელებთან განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების მექანიზმის გამარტივებაზე, მცირე მეწარმეთათვის საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული, დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერასა და 5000 ლარამდე დავალიანების უზრუნველყოფის გარეშე ერთი წლით გადავადებაზე, ასევე, 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხისა (თუ მას შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება) და 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა-საურავის ჩამოწერაზე.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბიზნესის დაკრედიტების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაზე და "საგადასახადო კოდექსში" ბუნდოვანი მუხლების გასასწორებლად მუშაობის გაგრძელების მიზნით, სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი ნორმების გადავადება 2016 წლის 1 იანვრამდე მოხდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, "საგადასახადო კოდექსში" ინიცირებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ბიზნესის ფუნქციონირებას, თუმცა რა რაოდენობის თანხის ჩამოწერაზეა საუბარი, ხადური არ აკონკრეტებს, რადგან მიუთითებს საგადასახადო საიდუმლოების შესახებ მუხლზე.

"საგადასახადო დავალიანების მოცულობა, ზოგადად, საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამას ემსახურება ეს ცვლილებებიც, რომ ბაზები გავასუფთავოთ ისეთი დავალიანებებისგან, რომლებიც უიმედოა. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ კოლმეურნეობები 25 წელია, აღარ არსებობს, არიან კოლმეურნეობები, რომელთაც საგადასახადო დავალიანება უფიქსირდებათ, ამიტომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ვასუფთავებთ ბაზებს ასეთი უიმედო დავალიანებებისგან და ამავე დროს, გვინდა, შეღავათი გავუწიოთ ბიზნესმენებს. ფისკალურად, ეს ბიუჯეტს არაფერს დააკლებს, რადგან რეალურად, ამ ბიზნესმენებს არ აქვთ შესაძლებლობა, ეს თანხები გადაიხადონ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.