საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 140 მლნ დოლარამდე ტრანშს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 140 მილიონ დოლარამდე ტრანშს გამოუყოფს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული Stand-By Arrangement (SBA) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვის შესახებ საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა, თანხას საქართველო 3 წლის განმავლობაში მიიღებს.

''SBA სპეციალური ნასესხობის უფლებას ნიშნავს. საუბარია დაახლოებით 140 მილიონ დოლარზე, რომელსაც 3 წლის განმავლობაში მიიღებს საქართველო. ამ თანხის ნაწილი ბიუჯეტში ჩაირიცხება, ნაწილი - შეიძლება მოხმარდეს ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდას", - განაცხადა ხადურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული ბიუჯეტში არსებულ პრობლემაზე ხომ არ მიუთითებს, მინისტრმა განმარტა, რომ ეს არ არის დამატებითი სესხი და მისი აღება ჯერ კიდევ შარშან იყო გათვალისწინებული. ”ეს არ არის ფისკალურად მნიშვნელოვანი, ეს არის მორალური მხარდაჭერა და იმის დადასტურება, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სწორად და ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი. ეს არის ის, რაც ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა გასული წლის შემოდგომაზე, როცა მიმდინარე წლის ბიუჯეტზე ვმუშაობდით", - განმარტა მინისტრმა.