საქართველომ და მსოფლიო ბანკმა 30 მლნ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა "რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის" დასაფინანსებლად 30 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა მოაწერეს.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობა 30 მილიონ ამერიკულ დოლარს 25-წლიანი შეღავათიანი სესხის სახით მიიღებს. პროექტის დასაფინანსებლად ასევე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო გრანტის სახით 5 000 000 ამერიკულ დოლარს გამოყოფს.

"ეს დაახლოებით 40 მილიონიანი პროექტია, რომლის ნაწილს, 30 მილიონ დოლარს აფინანსებს მსოფლიო ბანკი შეღავათიანი რესურსით, 2%-მდეა წლიური პროცენტი. ამავე დროს 10 წელი არის შეღავათიანი პერიოდი, 5 000 000-ს გამოყოფს შვეიცარული მხარე და დაახლოებით 7 მილიონი იქნება ქართული მხარის, მთავრობის მიერ გამოყოფილი. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ჰენრი კერალის განცხადებით კი, აღნიშნული დაფინანსება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალურ განვითარებას მოხმარდება.

პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სოფელში გზის, წყალმომარაგების სისტემების და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღისა და სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი აცხადებს, მუნიციპალიტეტებიდან პროექტები და განაცხადები უკვე შესულია.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პირველი პროექტი უკვე დასკვნით ფაზაშია და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წყალსადენების, კანალიზაციის სისტემებისა და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.