მსოფლიოში ტონა შაქარი 60 დოლარით გაიაფდა, საქართველოში - 20 ლარით

საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი იაფდება, ხოლო საქართველოში ამ ტენდენციას 2-თეთრიანი ფასდაკლებით პასუხობენ.

ასეთი მაჩვენებლით, იმპორტიორებმა შაქარი გუშინ გააიაფეს, თუმცა, ეს სხვაობა სამომხმარებლო ფასზე არ ასახულა.

სავაჭრო ქსელებსა და სუპერმარკეტებში 1 კილოგრამი შაქრის ფასი კვლავ 1,40 ლარია. საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა შაქრის ღირებულება 439 დოლარამდეა ჩამოსული. ლარის კურსის გათვლით და დღგ-ს ჩათვლით, 1 კილოგრამი შაქრის საბითუმო ფასი საქართველოში დაახლოებით 90 თეთრია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ანალიტიკოსების გათვლით, ეს პროდუქტი 20 თეთრით იაფი მაინც უნდა ღირდეს.

1 კილოგრამი ”აგარის შაქრის” საბითუმო ფასი 2 თეთრით შემცირდა (1 ტონა 20 ლარით) და დღეს მისი საბითუმო ღირებულება 1,28 ლარით განისაზღვრა. კომპანიის გენერალური დირექტორის ალხაზ ალიზადეს ინფორმაციით, საფასო ცვლილება საერთაშორისო ტენდენციას უკავშირდება და არ არის გამორიცხული, მომავალშიც გაგრძელდეს, თუ დაბალი ფასი დიდი ხნის პერიოდში შენარჩუნდება. სადღეისოდ, საქართველოში შაქარი უკრაინიდან, ბულგარეთიდან და ბრაზილიიდან შემოდის. პროდუქტის იმპორტი და ადგილობრივი მოხმარება 100 მლნ ტონას შეადგენს.

”შაქარი ცოტათი გავაიაფეთ, მსოფლიოში ეს პროდუქტი იაფდება და შევეცადეთ, სხვაობა აქაც აგვესახა. საბითუმო შაქრის ღირებულება 1,30 ლარი იყო და 2 თეთრით შემცირდა. ვფიქრობ, ეს ცვლილება საცალო გაყიდვასაც დაეტყობა, გადამყიდველები შემდეგში რა ფასად გაყიდიან, მათი კომპეტენციაა და ჩვენ ხომ არ ჩავერევით?! მთავარია, პროდუქტზე ფასმა იკლო და ეს საცალო გაყიდვასაც უნდა დაეტყოს. ნედლეული ბრაზილიიდან ჩამოგვაქვს. ამ ფონზე ფასები ბრაზილიამაც დაწია. ყოველწუთს შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა, პროგნოზირება ჭირს. შესაძლებლობა თუ მოგვეცემა, შევეცდებით, შაქარი მომავალშიც გავაიაფოთ, მაგრამ მოსალოდნელ გეგმებზე საუბარი ჯერ ადრეა. მთავარია, პროდუქტის გაიაფება სამომხმარებლო ბაზარსაც დაეტყოს და ეს ქართველმა მომხმარებელმაც იგრძნოს”, - აცხადებს ალხაზ ალიზადე.

ქართველი ექსპერტების ინფორმაციით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ბაზარი საერთაშორისო პროცესების მიღმაა, მონოპოლიურ ვითარებას უკავშირდება. მათი განცხადებით, კონკურენციის სააგენტო ამ პრობლემით სერიოზულად უნდა დაინტერესდეს. ასე ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებში ირაკლი ლექვინაძე, რომლის განცხადებითაც, შაქრის ფასს საქართველოში ბაზრის შიდა მდგომარეობა განსაზღვრავს.

”შაქრის ღირებულება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფასზეა დამოკიდებული. რეალურად ასეა, მაგრამ სხვა ვითარება გვაქვს, ყველა პირობაა იმისთვის, რომ საქართველოში შაქარი, სულ ცოტა, 20 თეთრით გაიაფდეს. მსოფლიო ტენდენციაც ხელს უწყობს - წელს შაქრის ბევრი მოსავალია, ზოგადად, მარცვლოვანი კულტურის სიჭარბე შეიმჩნევა. ფასთან დაკავშირებით, ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი უკრაინაში შექმნილი სიტუაციაა, სხვა მხრივ, არანაირი დაბრკოლება არ არის. ამ პროცესებიდან გამომდინარეც, შაქარი დაბალ ფასს ინარჩუნებს. ჩვენთან პრობლემა ბაზარზე მონოპოლიური ვითარებითაა განპირობებული. ფაქტობრივად, ფასს ერთი იმპორტიორი კომპანია განსაზღვრავს და მას აქვს ფასზე ზემოქმედების საშუალება ანუ შაქარი ღირს იმდენი, რაც ის ერთი კომპანიისთვის არის მომგებიანი. ამდენად, მონოპოლიური ვითარების გამო საერთაშორისო დინამიკას შაქრის ბაზარი ვერ უპასუხებს. მნიშვნელოვანია, კონკურენციის სააგენტო ამ საკითხით დაინტერესდეს და საქართველოში შაქრის ბიზნესი საფუძვლიანად იქნას შესწავლილი”, - აცხადებს ექსპერტი.

შეიძლება ითქვას, შაქარი ერთ-ერთი საკვები პროდუქტია, რომლის ფასი რეალიზაციაზე უარყოფით გავლენას ვერასდროს მოახდენს. ის კარგად გაყიდვადი პროდუქტი იყო მაშინაც, როცა 1 კილოგრამი შაქრის ფასი 2 ლარს აჭარბებდა.

თბილისის სუპერმარკეტების წარმომადგენლები ამჯერადაც გაყიდვის სტაბილურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სეზონიდან გამომდინარე, მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა მომატებული. თეონა აბესაძე, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ადმინისტრატორი ამბობს, რომ 2 თვეზე მეტია, შაქარი ქსელში 1,40 ლარად იყიდება და საფასო ცვლილებას ჯერჯერობით არ ვარაუდობენ.

”დისტრიბუტორებს ისედაც მაღალ ფასში შემოაქვთ და ეს შაქრის გაიაფების შესაძლებლობას არ გვაძლევს. ახლა მითუმეტეს, მასზე მოთხოვნა გაზრდილია და კომპანიები ფასის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდებიან. ვცდილობთ, ფასი სამომხმარებლო ბაზარზე არსებულს გავუთანაბროთ და ასეცაა - 1 კილოგრამი შაქარი 1,40 ლარზე იაფად სუპერმარკეტებში იშვიათადაა. იგი ყოველდღიური საჭიროების პროდუქტია და ამით ინარჩუნებს მყიდველს. არ გამოვრიცხავ, მომავალშიც მცირედით მაინც გაიაფდეს, მაგრამ საეჭვოა, ფასში საგრძნობი სხვაობა იყოს”, - ამბობს თეონა აბესაძე.

შაქრის მსოფლიო ფასები ბოლო თვეების განმავლობაში 60-80 დოლარითაა შემცირებული. შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციაში ამ ცვლილებას პროდუქციის ჭარბ რაოდენობას უკავშირებენ. თუმცა უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ მომავალ წელს, ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, შესაძლოა, სეზონური დეფიციტი შეიქმნას. სავარაუდოდ, მსოფლიო შაქრის წარმოება 203 მილიონი ტონით შემცირდება, რაც ამჟამად არსებული მარაგების შემცირებასაც გამოიწვევს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”