რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილის შემოსავალმა წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 27590 ლარი შეადგინა

"დეკლარაცია არის ის ერთ-ერთი ურთულესი დოკუმენტი, რომელსაც მე ვავსებ და ბევრს ვწვალობ, სკურპულოზურად ვავსებ. იმიტომ რომ, რაც გავხდი საჯარო მოხელე, ჩემი ერთ-ერთი ვალდებულებაა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი შემოსავლები. მიმაჩნია, რომ ეს ვალდებულება გააჩნია ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის იმათ, ვისაც უკავიათ უმაღლესი თანამდებობები", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას.

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა დეკლარაციის შევსებაზე რამდენიმე კვირის წინ იწვალა, - მისი დეკლარირებული ქონება 7 აგვისტოს არის შევსებული.

ოჯახის წევრებში პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა მითითებული არ ჰყავს. მარგველაშვილი ფლობს 120 კვ/მ საცხოვრებელ ფართს თბილისში პაოლო იაშვილის ქუჩაზე. რამდენიმე მიწის ნაკვეთს დუშეთში, მათ შორის სახლს, რომლის ფართიც 200 კვ/მეტრს შეადგენს.

პრეზიდენტს დეკლარაციაში ასევე, მითითებული აქვს მამის, თემურ მარგველაშვილის საცხოვრებელი სახლი ინგოროყვას ქუჩაზე. როგორც რამდენიმე თვის წინ მაკა ჩიჩუამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი მთაწმინდაზე ცხოვრობს მამის მშობლებთან. რაც შეეხება დუშეთს, ცნობილია, რომ პრეზიდენტის ყველაზე საყვარელი ადგილი სწორედ დუშეთია. დროის დიდ ნაწილს დღესაც დუშეთში ატარებს მაკა ჩიჩუასთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად. ჰყავს შინაური ცხოველები, რომელიც როგორც ცნობილია, წყვილს ძალიან უყვარს. მათი ძაღლი, ბულდოგი ბულზო პოპულარული ოთხფეხა მეგობარია, რომელიც "მღერის".

გიორგი მარგველაშვილს "თიბისი" ბანკში, სახელფასო ანგარიშზე 3948 ლარი აქვს. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალმა წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 27590 ლარი შეადგინა. აქედან 21937.57 ლარი მან განათლების მინისტრის პოსტზე მუშაობისას მიიღო ხელფასის სახით, ხოლო 5653.37 ლარი - პრეზიდენტის ხელფასის სახით.

გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთი დეკლარაცია 2013 წელს აქვს შევსებული. ძველ დეკლარაციაშიც იგივე უძრავი ქონება აქვს მითითებული, რასაც ამჯერად ფლობს. როგორც 2013 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილს "თიბისი" ბანკში სახელფასო ანგარიშზე - 1464 ლარი, "ქართუ ბანკში" 13640 ლარი ჰქონდა. ხოლო ანაბარზე, რომელიც "თიბისი" ბანკში ჰქონდა გახსნილი და ახლა აღარ აქვს, 6392 ლარი ჰქონდა.

მისი შემოსავალი 2012 წელს შეადგენდა 84224 ლარს. 51517 ლარი მას ხელფასის სახით აღებული ჰქონდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორის პოზიციაზე, როგორც მკვლევარმა, 25000 ლარი აიღო წლის მანძილზე საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში, 6307 ლარი აიღო 2012 წელს მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას და როგორც სატელევიზიო გადაცემის ავტორს, 1400 ლარი დაერიცხა ხელფასის სახით. საუბარია გადაცემაზე "კვირის აზრები", რომელიც "მაესტროს" ეთერში გადიოდა. 2013 წლის დეკლარაციაში მას ასევე მითითებული აქვს, რომ 2007 წელს, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკამ "გროშჰადენი", მის ანგარშზე ჩარიცხა 20 000 ევრო: "2007 წელს ქ.მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა ,,გროშჰადენი" - ჩარიცხულ იქნა ჩემს სახელზე 20000 ევრო და ოპერაციის შემდეგ ჩემს სახელზე დარჩენილია 7500 ევრო", - განმარტავს პრეზიდენტი 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, სადაც ასევე მითითებული აქვს მისი მშობლების საპენსიო და სახელფასო შემოსავლებიც.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის არცერთ დეკლარაციაში არ არის მითითებული არც სამივლინებო ხარჯები და არც პრემიის დანამატი.