4 თვეში მედიკამენტების ნაწილი 10-15%-ით გაძვირდა

”ამ პერიოდში წამლების თუნდაც 5%-ით გაძვირების არანაირი მიზეზი არ არსებობდა”

”როცეფინი” - 13,50 ლარიდან 15,53 ლარამდე გაძვირდა, ”კოკარმიტის” ნემსებზე ფასმა 17,20 ლარიდან 19,35 ლარამდე მოიმატა, ”ატორისი” 12,35 ლარიდან 12,96 ლარამდე გაძვირდა, ”ნოშპა” - 6,60 ლარიდან 6,95 ლარამდე, ”კორდარონი” 7 ლარიდან 8,60 ლარამდე და ა.შ. საერთო ჯამში კი, ბოლო 4 თვის განმავლობაში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა საშუალოდ 10-15%-ით მოიმატა, თანაც, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა. ამიტომაც სპეციალისტები წამლების გაძვირებას მორიგ სპეკულაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მედიკამენტების თუნდაც 5%-ით გაძვირების არანაირი მიზეზი არ არსებობდა.

როგორც ცნობილია, 1-ელი სექტემბრიდან მედიკამენტების დიდი ნაწილი, I და II ჯგუფის წამლები მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება - სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში მთავარი მოვლენა გახდა. მოსახლეობა მის ცხოვრებაში რეცეპტის შემოსვლამ ისე შეაშინა, რომ აფთიაქებში მედიკამენტების ყიდვის მსურველთა რიგები დადგა. ამასთანავე, ცეცხლზე ნავთი დაასხა ფარმაცევტული კომპანიების ესემეს შეტყობინებებმა, რომელიც მოსახლეობას მედიკამენტების მარაგების შექმნისკენ მოუწოდებდა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი საზოგადოება დაამშვიდა და განაცხადა, რომ მედიკამენტები არ გაძვირდება, მეტიც, არც მათი დეფიციტი და არც შეძენის პრობლემა არ შეიქმნება.

თუმცა აფთიაქებში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა უკვე მოიმატა და თანაც დაახლოებით 10-15%-ით. აგვისტოდან დღემდე ”როცეფინი” - 13,50 ლარიდან 15,53 ლარამდე გაძვირდა, ”უოკარმიტის” ნემსებზე ფასმა 17,20 ლარიდან 19,35 ლარამდე მოიმატა, ”ატორისი” 12,35 ლარიდან 12,96 ლარამდე გაძვირდა, ”ნოშპა” - 6,60 ლარიდან 6,95 ლარამდე, ”კორდარონი” 7 ლარიდან 8,60 ლარამდე, ”ენეტროლი” 6,60 ლარიდან 6,90 ლარამდე და ა.შ.

მედიკამენტების გაძვირების პროცესი კი დღეს, ან თუნდაც 3 თვის წინ არ დაწყებულა. მართალია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წამლები გაიაფდა, რაც ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება იყო, თუმცა უკვე მოგვიანებით თითქმის ყველა მედიკამენტი ისევ გაძვირდა.

2013 წლის დასაწყისში საერთო სურათის შესაქმნელად ”რეზონანსმა” რამდენიმე მედიკამენტის ფასი შეადარა ერთმანეთს (რა ღირდა 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ). ამ შედარებისას გაიაფება თვალშისაცემი იყო. 2014 წლის მაისისთვის ისევ ამ მედიკამენტების ფასებით დავინტერესდით და მათი გაძვირება ასევე თვალშისაცემი აღმოჩნდა.

მედიკამენტი ”ატორისი” (20 მგ. 30 აბი) თბილისის აფთიაქებში არჩევნების შემდეგ 11,90 ლარი ღირდა, 2014 წლის მაისში 12,30-12,35 ლარი, ახლა კი 12,96 ლარი. ”როცეფინი” (1 მგ-იანი) არჩევნებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში 12,35 ლარი ღირდა, შემდეგ 13,50 ლარი, ახლა კი 15,53 ლარი, ”ნოშპა” 5,40 ლარიდან ჯერ 6,60 ლარამდე გაძვირდა, შემდეგ კი უკვე 6,95 ლარამდე. ასევე ფასებმა მოიმატა სხვა დანარჩენ მედიკამენტზეც.

”ფარმაცევტულ კომპანიებთან კომუნიკაცია სულ გვაქვს. ისინი დაგვპირდნენ, რომ ახალი რეგულაციების შემოღება არ იქონიებდა გავლენას ფასებზე და არც დეფიციტი არ შეიქმნება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ფასების ცვლილება, გადახედეთ და ნახავთ, ზოგიერთ პრეპარატზე ფასები იმატებს, ზოგიერთზე კი პირიქით იკლებს”, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, საზოგადოების აქცენტი გადატანილია იმ პრეპარატებზე, რომელიც გაძვირდა.

”ჩვენ ფასების რეგულირებაში ვერ ვერევით, რადგანაც ეს კერძო, დამოუკიდებელი კომპანიებია. ეს არის, ასე ვთქვათ, კერძო ინდუსტრია, თუმცა ისინი გვარწმუნებენ, რომ ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის”, - აცხადებს სერგეენკო.

მისი თქმით, გაძვირება და ფასებზე კლება სისტემატურად ხდება, ზოგი წამალი ძვირდება, ხოლო ზოგიც იაფდება, ზოგი გაიაფდება ლოტების მიხედვით, მაგალითად ”ინტერფერონი” 60%-ით გაიაფდა, არის ერთეულ პრეპარატებზე გაძვირება, ანუ ეს არის ბაზრის ერთგვარი პუნქტუაცია. ეს კი, მინისტრის თქმით, არ ქმნის იმის ტენდენციას, რომ ფონი არის გაძვირებული.

თითქმის ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მაჭარაშვილი. მისი თქმით, ”ვერანაირად ვერ დავეთანხმები დამოკიდებულებას, რომ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რადგან არის რიგი მედიკამენტებისა, რომელზეც ფასები იკლებს ან პირიქით, იზრდება, ამიტომ რამდენიმე მედიკამენტის საფუძველზე მსჯელობა და მტკიცება, რომ ფასმა იმატა, შეუძლებელია”.

საპირისპიროზე მეტყველებს ფაქტები და მეტიც, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გამორიცხული არ არის, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ წამლებზე ფასმა ისევ მოიმატოს. ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძელაძე აცხადებს, რომ 1-ლი სექტემბრიდან სარეცეპტო სისტემაზე გადასვლამ შესაძლოა, წამლებზე ფასები გაზარდოს.

”აქ არის საუბარი წამლების დეფიციტზე. დღევანდელი ოჯახის ექიმები სისტემურად არიან ინფორმაციულ ვაკუუმში. არის თუ არა ეს წამალი ორიგინალი წამლის ეკვივალენტური და შეუძლია თუ არა ჩანაცვლება გააკეთოს ამის საფუძველზე. ჩანაცვლება მოხდება მხოლოდ იმის მიხედვით, რამდენად დიდი იქნება გავლენა ამა თუ იმ დისტრიბუტორის. ყველაზე მეტად ეს დააზარალებს დამოუკიდებელი ქსელის აფთიაქებს, რომლებსაც არ ექნებათ პირდაპირი კორელაცია ექიმებთან, რომლებსაც ექნებათ იმის მოტივაცია, რომ მოიძიოს რაიმე ექიმთან კავშირი. ამ შემთხვევაში, ვირტუალური სამედიცინო სერვისის მომსახურება ჩაიდება წამალში. ასეთი ვირტუალური სამედიცინო სერვისი გააძვირებს დამოუკიდებელი ქსელის აფთიაქებში წამლების ღირებულებას”, - განაცხადა ტურძელაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა სააფთიაქო სივრცეში გაჩნდეს შავი ბაზარიც. ”როცა გვაქვს 4 კომპონენტიანი სისტემა და აქედან საქართველოში 3 მათგანი არის მწვავე დეფიციტური, მაგრამ პაციენტის მოთხოვნილება, რომ მან მიიღოს წამალი, არსებობს, რით უპასუხებს მას ბაზარი? უპასუხებს იმით, რომ მას აუცილებლად მიაწვდის წამალს. ეს იქნება სააფთიაქო ქსელიდან ლეგალური არხებიდან მიწოდებული წამალი არალეგალურად, ან იქნება ლეგალურად არალეგალური არხებიდან მიწოდებული. სურვილი იმისა, რომ ეს არ მოხდეს, შეიძლება ძალიან დიდი იყოს, მაგრამ ბაზარი აუცილებლად მიაწვდის ამ წამალს”, - განაცხადა ტურძელაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობას რეცეპტის ინსტიტუტთან დაკავშირებით საფრთხის განცდა აქვს: ”ეს არის სისტემური სარეგულაციო ინსტრუმენტი, რომელიც ჩემი შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს არასწორ კონტექსტში აქვს დღეს გამოყენებული. რეგულაციას აქვს თავისი დანიშნულება, რეცეპტი გახლავთ ის, რომ მოხდეს ფარმაკოთერაპიის რაციონალიზაცია, ხელი შეეწყოს წამლების სწორ შერჩევას”, - განაცხადა ტურძელაძემ.

წამლებზე ფასების მატებას არ გამორიცხავს არც ექსპერტი ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებში ზვიად კანდელაკი.

”მედიკამენტებზე ფასის მატება ახლა არ დაწყებულა და არც 1-ლი სექტემბრის შემდეგ შეჩერდება. ვფიქრობთ, რომ წამლები ისევ გაძვირდება, რადგან ეს გარკვეული ტიპის სპეკულაციასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, გეტყვით, რომ ზოგიერთი მედიკამენტი 2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიაფდა, არადა, მაშინ არ მომხდარა ლარის კურსის გამყარება. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ წამლის გაძვირებას ფარმაცევტული ბიზნესით დაკავებულები ყოველთვის კურსის ვარდნას უკავშირებენ.

მოგვიანებით, ანუ შარშან წლის ბოლოდან წამლების გაძვირება ისევ დაიწყო. მართალია, იმ პერიოდში ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა, თუმცა არა იმდენით, რომ ფასები ასე მნიშვნელოვნად გაზრდილიყო. მაისიდან-აგვისტომდე კი მედიკამენტები ისევ გაძვირდა (ეს მონაცემი თქვენც გაქვთ), არადა მაისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში მუდმივად მყარდება. ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში წამალი კი არ უნდა გაძვირებულიყო, პირიქით, მისი ფასი უნდა შემცირებულიყო კიდეც. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ სპეკულაციასთან. ასე რომ, ბოლო პერიოდში მედიკამენტების თუნდაც 5%-ით გაძვირების არანაირი მიზეზი არ არსებობდა”, - აცხადებს ზვიად კანდელაკი.

ზვიად კანდელაკის პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ წამლების გაძვირება 1-ელი სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდეს. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი დარწმუნებულია, რომ წამლის რეცეპტით გაყიდვა, არც ფასების მომატებას გამოიწვევს და არც ”შავი ბაზრის” გაჩენას.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”