ნოდარ ხადური : გზის გახსნასთან ერთად საბაჟო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს

გზის გახსნასთან ერთად საბაჟო მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა "იმედის" ეთერში სატელევიზიო ჩართვისას განაცხადა. ხადურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი კონკრეტულად ცნობილი არ არის, თუმცა ზიანი მნიშვნელოვანია.

"ჯერჯერობით ზიანის კონკრეტულ მოცულობასა და რაოდენობაზე საუბარი ზედმეტია. ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის სამი ნაგებობიდან ორი დაფარულია ქვით და ლამით. დაახლოებით ნახევარ მეტრამდე ნაშალია შეტანილი შენობაში და მისი გამოტანაა აუცილებელი. დაზიანებულია ხელბარგების სკანერი, კომპიუტერული ტექნიკა, გათბობის და ელექტრომომარაგების სისტემა. სავარაუდოდ, დაზიანებულია მანქანების სკანერი და სასწორი. საბოლოო ჯამში, ეს საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოვახერხებთ თუ არა სკანერის აღდგენას, გზის გახსნასთან ერთად საბაჟო გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას”,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

როგორც ხადურმა აღნიშნა, თერგი ჯერ არ არის კალაპოტს დაბრუნებული. ”მე უნდა ვთხოვო ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ უპირველეს ყოვლისა, მდინარის სწორედ ეს ნაწილი გადაიკეტოს, რათა შემდგომი ზარალის თავიდან აცილება მოხერხდეს. ერთი შენობა სრულად არის გადარჩენილი. ეს არის გამსვლელი დარბაზი. იქ არ შესულა წყალი. მიმღები დარბაზი და ტრანსპორტის შემოსავლელი გეიტები დაზიანებულია და ერთ-ერთი შენობის დანგრევის საფრთხე არსებობს, თუმცა იმედი გვაქვს, გადავარჩენთ", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, საბაჟოს გაწმენდა ფინანსთა სამინისტროს საკუთარი ძალებით გაუჭირდება, რადგან მძიმე ტექნიკის ჩართვა აუცილებელი იქნება დარბაზის გასაწმენდად.