შეიძლება თუ არა აფხაზეთში ცივილური ბიზნესის წარმოება?

”ფორბსი” აფხაზეთის შესახებ რეპორტაჟს აქვეყნებს, რომლის შემოკლებულ ვერსიასაც BPN-ი გთავაზობთ.

ბანკების საკრედიტო თანხების უკმარისობა, საერთაშორისო გადახდის სისტემების მუშაობის შეჩერება, მსხვილი დასავლური კორპორაციებიდან პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები... ეს რუსეთის ბიუჯეტის პროგნოზები არაა, ასეთია აფხაზეთის ეკონომიკის რეალობა. რუსეთი აფხაზეთს პირველად ექვსი წლის წინ დაეხმარა, მას შემდეგ რუსეთმა აფხაზეთში 12 მილიარდი რუბლი ჩადო. როგორ ფუნქციონირებს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეკონომიკა და ამოიღებს თუ არა ოდესმე რუსეთი თავის ინვესტიციებს?

აფხაზეთის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი რაულ ხაჯიმბა ”ფორბსთან” ინტერვიუში ყვება: ”თუ გამოჩნდა ინვესტორი, აუცილებელია მისი და მისი ინვესტიციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, - ამბობს წარსულში მთავარი ოპოზიციონერი და ამჟამად აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი.

ქვეყნის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების შემსრულებელ ვალერი ბგანბას საქმე მთლად კარგად არ მისდის. მისი ადმინისტრაციის წინ ხალხია შეკრებილი. რესპუბლიკის ყველაზე დიდი სუპერმარკეტის ”კონტინენტის” ასზე მეტი თანამშრომელი თავისი ინვესტორის, იგორ ვაროვის დასაცავად გამოვიდა. მომიტინგეების თქმით, მაღაზია აფხაზურმა უმცირესობამ დაიკავა და ჩუმად ქურდავენ კიდეც მას.

ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთში მესაკუთრის მაგივრად თანამშრომლები მიდიოდნენ პრეზიდენტთან, მაგრამ ასეთი რამ მარტივად ხდება აფხაზეთში. აფხაზეთში მთავრობის მცდელობა, რომ ხალხთან კონტაქტზე არ გავიდეს, თვითმკვლელობის ტოლფასია. ანქვაბს ასეთმა საქციელმა პრეზიდენტის პოსტი დააკარგვინა. რაულ ხაჯიმბა ანქვაბის გადადგომას პირდაპირ უკავშირებს იმას, რომ ანქვაბი ხალხთან სასაუბროდ არ გავიდა. ”ყველაფერი მარტივად შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთის საბრძოლო ბაზას შეაფარა თავი. ქვეყანაში თითქმის იგივე მოხდა, რაც კიევში - ხელისუფლება დაპყრობის წესით შეიცვალა, პრეზიდენტმა კი უფლებამოსილება დაკარგა იმის გამო, რომ მან რაღაც დროით ადმინისტრაცია დატოვა. მე არ გამიგია, რომ იანუკოვიჩს გადადგომაზე ხელი მოეწეროს, ანქვაბმა კი მოაწერა”, - ყვება ხაჯინბა. უკრაინისგან განსხვავებით, აფხაზეთში გადატრიალება შინაგანი ძალების გარეშე მიდიოდა, ამიტომ მოსკოვი ხალხის გადაწყვეტილებისადმი ასე თუ ისე ლოიალური აღმოჩნდა. ანქვაბმა იმედი გაუცრუა როგორც ხალხს, ისე კრემლს.

ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი ცდილობს ანქვაბის შეცდომები არ გაიმეოროს, ამიტომ ადმინისტრაციის წინ შეკრებილ ხალხს შესთავაზეს, აერჩიათ ხუთი ადამიანი, ვისაც ბგანბას კაბინეტში შეუშვებდნენ.

”ჩვენ ვაროვის (”კონტინენტის” აქციების 68%-ის მფლობელი) ფულით გაგრა არ გაგვიჟღინთავს, არც აფხაზეთი. ასე მოქცევა არ შეიძლება. რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობს? 2002 წლიდან! ამ დროის განმავლობაში გაგრაში ერთი ახლო მეგობარიც არ გაუჩენია! მითხარით, ვისთან დადის სტუმრად? თუ არ გამოვა მოსალაპარაკებლად, ვერაფრის გადაწყვეტას ვერ შევძლებ”, - განუცხადა ბგანბამ მისულებს.

თუ ვაროვი არ წავა აფხაზებთან მოლაპარაკებაზე, ბგანბა პირობას დებს, რომ შეთანხმებას დაარღვევს და მაღაზიას სახელმწიფოს ხელმძღვანელობას გადასცემს. ასე დასრულდა ხალხთან შეხვედრა. აუღიარებელი სახელმწიფო არა კანონის, არამედ მოლაპარაკების უნარის გამო განაგრძობს არსებობას. ანქვაბმა ვერ მოახერხა ხალხთან მოლაპარაკება და გადადგა. ვაროვი ვერ შეძლებს მოლაპარაკებას პარტნიორებთან და ჩამოართმევენ მაღაზიას.

აფხაზეთის ფული

მობილური კავშირი აფხაზეთში გაცილებით გვიან შევიდა, ვიდრე რუსეთში, თუმცა ეს იქამდე მოხდა, სანამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება მოხდებოდა. 2000 წლის დასაწყისში მობილური კავშირის ”აკვაფონის” დამფუძნებელმა ალხას არგუნმა იპოვნა პარტნიორი, რომელმაც 300 000 დოლარი მისცა პროექტისთვის, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ დაიწყო ”მეგაფონთან” თანამშრომლობა, ამ უკანასკნელმა ”აკვაფონში” 5 მილიონი დოლარი ჩადო.

”მეოთხე წელს ჩადებული ფული მთლიანად ამოვიღეთ” - ყვება ”აკვაფონის” გენერალური დირექტორი. ამჟამად ”მეგაფონს” ”აკვაფონის” 51% ეკუთვნისა, 49% არგუნმა და მისმა ოთხმა პარტნიორმა გაიყვეს. არგუნის აქტივები 70 მილიონ დოლარადაა შეფასებული. წინა წელს ”აკვაფონის” შემოსავალი 1,1 მილიარდ რუბლს შეადგენდა. კომპანია ქვეყანაში მთავარი გადასახადების გადამხდელია. იმდენივე შემოსავალს, რამდენიც ”აკვაფონს” აქვს, ქვეყნის მთლიანი ტურისტული შემოსავალი უტოლდება. საკუთარი შემოსავლები რესპუბლიკას 3,2 მილიარდი რუბლი აქვს, ანუ 95 მილიონი დოლარი.

ცხოვრების სკოლები

ბოლო წლებში რუსეთი ფაქტობრივად, აფხაზეთის სპონსორია. 2009 წლიდან მოყოლებული რუსეთმა რესპუბლიკაში 12 მილიარდი რუბლი ჩადო. ანქვაბის პრეზიდენტობის დროს შენდებოდა ახალი სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, და კულტურის სახლები. თუმცა სოციალური პროექტები ნაკლებად უწყობდნენ ხელს რესპუბლიკის ეკონომიკის ზრდას. ”მშენებლობებზე სამუშაო ადგილებიც კი არ შექმნილა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ყველა მშენებლობაზე შუა აზიიდან მოყვანილი ხალხი მუშაობდა”, - ამბობს რაულ ხაჯიმბა. ბოლო წვეთი გახდა სოხუმში სტადიონის მშენებლობა, რომელზეც 600 მილიონი რუბლი დაიხარჯა - ასე ფიქრობს ალხას არგუნი.

”მაგ სტადიონმა დაღუპა ანქვაბი. სტადიონის აღჭურვილობა ისე დგას, თითქოს მეტეორი ჩამოვარდა” - ამბობს არგუნი. ”გზების და ხიდების გარეშე სოფელი მოკვდება, ნორმალური სკოლების, სტადიონების და საბავშვო ბაღების გარეშე ბავშვებს მომავალი არ ექნებათ და მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩებათ - ქუჩა და ნარკომანია”, - განმარტა დეკემბერში თავის მიმართვაში პრეზიდენტმა.

არშემდგარი ბანკები

სოხუმის ღვინის ქარხნის დერექტორი ნიკოლაი აჩბა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეწარმეა რესპუბლიკაში. ქარხანა მეორეა გადამხდელის კუთხით, ის ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის 5%-ს ავსებს. აჩბა უკვე მიჩვეულია, რომ სპორტსმენებს და სხვა მთხოვნელებს ჩეკები გამოუწეროს. თუმცა თავად მას არ ინდობენ სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტები: აფხაზეთის სბერბანკი ვერაფრით ვერ უმტკიცებს კრედიტს 10 მილიონ რუბლზე. ”კრედიტების გაცემა შეწყვიტეს” - ამას ამტკიცებს ეკონომიკის მინისტრი დავიდ ირადიანიც. მისი თქმით, ბანკში ლოიალური საკრედიტო პოლიტიკა გაატარეს, სანამ დაუბრუნებელი სესხების გლობალურ პრობლემას არ წააწყდნენ. ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო ინსტიტუტი, სესხის სანაცვლოდ კლიენტებმა ბინა ჩადეს, მაგრამ როგორ გაყიდონ, როდესაც აფხაზეთში ქართველების გაქცევიდან საცხოვრებლის სიჭარბე უფროა, ვიდრე დეფიციტი? ახლა ქვეყანაში 14 ბანკია. არცერთ უცხო ქვეყნის ბანკს არ გაუხსნია რესპუბლიკაში თავისი ფილიალი. ცხრა ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა, ნაციონალური ბანკი კი გაცილებით ფრთხილად უდგება კრედიტებს. თან ფულიც ბანკებში ცოტაა. აფხაზეთის ”სბერბანკშიც” მხოლოდ 6 მილიონი დოლარია. ასეთი კაპიტალით რომელი მასშტაბური ბიზნესისთვის შეიძლება კრედიტის აღება?

რუსეთმა აფხაზეთს დამატებით 700 მილიონი რუბლი გამოუყო საბანკო სისტემის განვითარებისთვის. როგორც ”სბერბანკის” წარმომადგენელი თემურ გამბა ყვება, გადახდის სისტემის შემუშავების აუცილებლობა მაშინ შეიქმნა, როცა ”ვიზამ” და ”მასტერქარდმა” უარი განაცხადეს არაღიარებულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობასა და იქ ბანკომატების დადგმაზე. ბანკომატები შეიძინეს უნგრეთში და რუსეთში, რის შემდეგაც გადააპროგრამეს ადგილობრივი ბარათის ”აპრას” მიღებისთვის, ასევე ”ვიზა” და ”მასტერქარდისთვის”. როგორ მოხერხდა ამის გაკეთება ტექნიკურად, გამბა არ ამბობს. ”ყველაფერი ლეგალურად და კანონის ფარგლებშია” -ირწმუნება გამბა. კომპანია ”ვიზას” წარმომადგენელმა ელმირ ბაძროვამ განმარტა, რომ კომპანია არ მუშაობს აფხაზეთის ბანკებთან. ”რაც შეეხება ადგილობრივ გადახდის სისტემებს, არაფრის თქმა არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ აფხაზეთში მუშაობის ასეთი სქემის შესახებ არაფერი ვიცით”, - ამბობს ის.

საიდუმლო კონტრაგენტები

გადახდის სისტემის პრობლემები აფხაზეთის ბიზნესის მხოლოდ ერთი ნახევარია. როდესაც ქვეყანას არ აღიარებენ, სხვა ქვეყნის კომპანიები ოფიციალურ ურთიერთობებზე უარს ამბობენ. ”მუდმივი გაუგებრობა გვაქვს აქციონერებთან. მათ უნდათ, რომ ყველაფერი გამჭირვალე იყოს, მაგრამ რადგან ჩვენ დასავლეთისგან არ გვაქვს აღიარება, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ლეგალური ხერხი მოწყობილობების ჩამოტანის არ არსებობდეს” - ამბობს ”აკვაფონის” უფროსი არგუნი. მაგალითად HP-მ ოფიციალურად გააგზავნა ”აკვაფონის” კონტაქტები თბილისში. საჭირო გახდა შუამავლების მსოფლიო ბაზარზე მოძებნა.

2010 წელს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აუკრძალა კომპანია ”ნოკიას” აფხაზეთში მობილური ოპერატორების მოწყობლობის შეტანა. ჩინელებთან მოლაპარაკება მარტივი აღმოჩნდა, ”ჰუავეის” არ აღმოაჩნდა ღია აკრძალვა აფხაზეთთან თანამშრომლობაზე, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ამ თანამშრომლობის აფიშირება არ მომხდარიყო.

აფხაზი მეცენატი, ტაიფუნ არძინბა თურქულ Nuh Cemento-სთან ერთად მოიპოვებს ნახშირს ტყვარჩელის სიახლოვეს. აფხაზეთიდან ნახშირის მოპოვება განსაკუთრებულ რისკს ქმნის. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო ცდილობს გემები ხელში ჩაიგდოს. ”სამჯერ წაგვართვეს. გამოსასყიდს ითხოვდნენ, მოგვიწია 1,5 მილიონი დოლარი ჯარიმა გადაგვეხადა”. ყოველ ჯერზე ქართველები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გემებს არ აბრუნებდნენ. ახლა არძინბას ნახშირი ტუაფსეს გავლით გადააქვს, რის გამოც 300 მილის ზედმეტად გავლა უწევს.

მეორე პრობლემა გემების და ტვირთის დაზღვევის არარსებობაა. კომპანიები უარს ამბობენ იმ კომპანიების ტვირთის დაზღვევაზე, რომლებთანაც უსაფრთხოების შეთანხმება არ არის გაფორმებული. ამიტომ არძინბას მოუწია თავად შეესყიდა ექვსი გემი და ნახშირი საკუთარი რისკით ეტარებინა. ამასთან, გაცილებით მარტივ პროდუქტებზეც პრობლემები იქმნება. ნიკოლაი აჩბა რამდენიმე წელი ცდილობდა რუსეთში ღვინის ექსპორტი აეწყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

შემოსავლიანი ექსტრიმი

ერთი შეხედვით პრობლემები, რომელსაც აუღიარებელ რესპუბლიკაში შეხვდები, დაგაფიქრებს იმ ადამიანების საქციელზე, ვინც ამ ქვეყანაში ბიზნესი წამოიწყო. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ბესლან ბუტბა მოსკოვში სავაჭრო ცენტრებს აშენებდა და შემდეგ იჯარით აბარებდა სანამ არ მიხვდა, რომ აფხაზეთში მშენებლობა გაცილებით იაფია, იჯარის ფასი კი მართალია დაბალია, მაგრამ არ შეედრება მშენებლობის სიიაფეს. ორი წლის წინ მან თითქმის ყველა მსხვილი სავაჭრო უძრავი ქონება გაყიდა, რომ სოხუმში დიდი მოლი აეშენებინა. ”დავუშვათ მოსკოვში დგას ობიექტი, რომელიც 10 მილიონი დოლარი ღირს, შემოსავალს კი თვეში 2,5 მილიონ რუბლს იძლევა. ფასი ძალიან მაღალია, შემოსავალის შედარება კი არც შეიძლება. სოხუმში ამ ფულით შესაძლებელია გაცილებით მასშტაბური ობიექტის აშენება”. ბუტბას სიტყვებით, მოსკოვთან შედარებით აფხაზეთში მშენებლობა ექვსჯერ ნაკლები ჯდება, იჯარა კი მხოლოდ ორჯერ იაფი ღირს.

დიდი პროექტების რეალიზაციისთვის აფხაზეთში ალექსეი ადიკაევიც ჩავიდა. სერგეი პოლონსკოის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დატოვა Mirax group-ი და გადაწყვიტა წასულიყო აფხაზეთში, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ საქართველოდან გამოყოფის პროცესში იყო. ის გავლენიანმა აფხაზმა და კრემლის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, ამირან ლაგვილავამ მიიპატიჟა.

ადიკაევი ყვება, რომ მოსკოვში მასშტაბური პროექტების შენება უკვე არარეალური იყო თუ საჭირო კავშირები არ გქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იური ლუჟკოვი წავიდა. რომან ტროცენკოსთან და მის კომპანია ”ნოვაპორტთან” ერთად მან ყოფილი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში დაითანხმა, რომ მათთვის სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტი მიეცა. ”ეს პროექტი იმიტომ არ გამოვიდა, რომ ანქვაბს სურდა ასე, მან ყველა მოლაპარაკება შეაჩერა. პრეზიდენტმა თქვა, აფხაზეთი ჯერ მზად არ არის ამისთვისო”.

ანქვაბის წავლის შემდეგ მეწარმეებმა თავი ბევრად თავისუფლად იგრძნეს და ეს ადიკაევსაც შეეხო. ”მე პირადად ვიცი ნახევარ მილიარდიანი პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება და ხუთ წელიწადში თავის ღირებულებასაც ამოიღებს. ერთადერთი ის არის, რომ როდესაც ინვესტორებს ვიწვევ, მათი უფლებები დაცული უნდა იყოს. მათ კანონის შესაფერისათ უნდა ვუდგებოდეთ”.

თუმცა, ჯერ რესპუბლიკაში მთავარი დამცველი გავლენიანი აფხაზი პარტნიორია, რომელთანაც ჯობს არ იკამათო, თორემ შეიძლება ყველაფერი როგორც ვაროვთან, ისე განმეორდეს.