დავით ნარმანია - თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი არასწორად იყო დაგეგმილი და არარეალურად მაღალი იყო

ქალაქის მთავრობა დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, საკრებულოს მომავალ კვირას წარუდგენს.

ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს.

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მერიას ეკისრება, რადგან ბიუჯეტი შედგა მერიაში და იმ ადამიანებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი, რომელთაც ნარმანიას შეფასებით, არარეალურად მაღალი ბიუჯეტი დაგეგმეს.

"პასუხისმგებლობა ასევე არის იმ ადამიანების, რომელთაც წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრები როგორც ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს და ამით დაარღვიეს კანონმდებლობა. ჩემი, როგორც ქალაქის მერის ვალდებულებაა, მერიის ქვემდებარე უწყებებში, შესაბამის სამსახურებში პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მიიღეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, მათ მოეთხოვოთ პასუხი. თუმცა დიდი ნაწილი იმ ადამიანების, ჩემდა სასიხარულოდ, მერიაში აღარ მუშაობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი არასწორად იყო დაგეგმილი და არარეალურად მაღალი იყო, ქონების გადასახადის და პრივატიზაციის შედეგად მისაღები შემოსავლების მოცულობა, რისი მობილიზებაც ვერ მოახერხა ქალაქის ყოფილმა ხელისუფლებამ.

"შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მცირდება, გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში პრაქტიკულად ბოლომდე იქნება გახარჯული ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში გათვალისწინებული თანხები, ამიტომ, წლის ბოლომდე აუცილებლად გვჭირდება რამდენიმე მილიონი ლარი რაიონული გამგეობებისთვის. იმდენად მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა ბიუჯეტში, რომ ბიუჯეტი იქნება დეფიციტური და დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე თანხის სესხება მოგვიწევს. ამაზე გვქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან, კონსულტაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ მოგვცენ თანხმობა სესხებასთან დაკავშირებით, - განაცხადა დავით ნარმანიამ.