ალეკო ელისაშვილი "სითი პარკსა" და მერიის ყოფილ ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული დოკუმენტების გამოქვეყნებას გეგმავს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "სითი პარკსა" და თბილისის მერიის ყოფილ ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული დოკუმენტების გამოქვეყნებას გეგმავს.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებში აპირებს საზოგადოებას გააცნოს ოფიციალური დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავასა და რამდენიმე ხელმძღვანელი პირის კორუფციულ ურთიერთობას "სითი-პარკთან". კერძოდ, ამ დოკუმენტებში, ალეკო ელისაშვილის თქმით, ასახულია, თუ როგორ ხდებოდა გადარიცხვები.

ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის საკრებულო გეგმავს, "სითი-პარკის" ხელმძღვანელობა მიიწვიოს და მისგან ანგარიში მოისმინოს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, მის ხელთ არსებულ დოკუმენტურ მასალას შემდგომ პროკურატურას გადაუგზავნის.

პრესკონფერენციაზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სხვადასხვა საკითხსაც შეეხო. მათ შორის, შეჩერებულ ტენდერებს და ბიუჯეტში 25 მილიონიანი ლარის დეფიციტს, რომელიც შესავსებია.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საკრებულოში შეხვედრებზე ძირითადად ისეთი ადამიანები მიდიან, რომლებსაც სოციალური და ჯანდაცვის პრობლემები აქვთ. თბილისის ბიუჯეტში კი სოციალური კუთხით გათვალისწინებული მუხლები თითქმის გახარჯულია. ამდენად, იგი დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას და ამ თანხების სოციალური კუთხით გახარჯვას.

ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განახლების საკითხზეც ისაუბრა.

ელისაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოში ანგარიშით სხვადასხვა საქალაქო სამსახური წარდგა, ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება კი თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა დატოვა.

მისივე თქმით, სამსახურის ხელმძღვანელობას წარმოდგენილი არ აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს უახლოეს პერიოდში საქალაქო ტრანსპორტი და რაში მდგომარეობს ამ სამსახურის რეალური პრობლემები.

ელისაშვილმა უარყოფითად შეაფასა თბილისის მეტროპოლიტენის მიერ წლების განმავლობაში გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში თბილისის მეტროპოლიტენს 25 მილიონიანი დოტაცია გააჩნდა. მისივე განცხადებით, თბილისის ძველი ხელისუფლების პერიოდში მხოლოდ ორი მატარებლის შეძენა მოხდა, ვაგონების უმეტესობა კი მუდმივ შეკეთებას ექვემდებარებოდა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღეს მეტროპოლიტენი უფრო უკეთეს პირობებში უნდა იყოს.

ალეკო ელისაშვილი უკმაყოფილოა საკრებულოს მუშაობითაც. იგი აცხადებს, რომ "თბილისის საკრებულო ჭიპით არის მიბმული "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსთან". კერძოდ, თბილისის საკრებულოს თავისი მოქმედების გეგმა არ აქვს და დირექტივებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოდან იღებს.