ვინ  აფინანსებს ბანკებისგან  ”მიტოვებულ”  სექტორებს?

ეს სფერო ბანკებთან შედარებით გაცილებით მაღალი მოგების მარჟით ხასიათდება.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში. ეროვნული ბანკის 2014 წლის I კვარტლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 69-ს აღწევს, 3400-ზე მეტი დასაქმებულით. მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 661 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 23.3% - სოფლის მეურნეობაზე, 20.5% - ვაჭრობასა და მომსახურებაზე, 45.2% კი სამომხმარებლო სესხებზე მოდის. მთლიანობაში, საფინანსო სექტორის მიერ, კერძო სექტორზე გაცემულ სესხებში, მიკროსაფინანსოების წილი დაახლოებით 6%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს სფერო ბანკებთან შედარებით გაცილებით მაღალი მოგების მარჟით ხასიათდება, რაც ამ მიმართულებით კაპიტალდაბანდებათა ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. კერძოდ, 2013 წლის მონაცემებით, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი მიკროსაფინანსოებისთვის 8,3 %-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ყოველი 1 ლარი 8,3% მოგებას გამოიმუშვებს. ანალოგიური მაჩვენებელი ბანკებისთვის საშუალოდ 1%-ია.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის შედეგებს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამაზე ექსპერტთა წრეებში სხვადასხვა შეხედულებები არსებობს.

საფინანსო სექტორში მიკროსაფინანსოების საქმიანობას დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მათი მცირე მასშტაბებისა, ისინი მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ სფეროებში, რომელთაც საბანკო სისტემა ნაკლებ ყურადღებას უთმობს.

"სახელმწიფო პოლიტიკა მართალია, მიმართულია საფინანსო სექტორის განვითარებისკენ და გარკვეულწილად ეს წარმატებითაც ხორციელდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების დონიდან გამომდინარე, ამ სექტორში მაინც არსებობს ნაკლოვანებები და იგი შორსაა სრულყოფილებისგან. ამ ნაკლოვანებების თანდათანობით აღმოფხვრა კი ცხადია მომავლის პერსპექტივაა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მისი დინამიკური განვითარებისთვის ხელშეწყობა. მეორე მხრივ, აუცილებელია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებითაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი არსებობა საფინანსო სექტორის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ცხადია მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, მიკროსაფინანსოებსა და ბანკებს შორის რამე სერიოზულ კონკურენციაზე საუბარი რთულია, მაგრამ ისინი მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეს კი განსაკუთრებით, მათ პორტფელში სოფლის მეურნეობაზე გაცემულ სესხების წილში გამოიხატება. დღეს საბანკო სისტემა არაა ორიენტირებული სოფლის მეურნეობის სფეროს დაკრედიტებაზე, რაზეც მათ მიერ ამ სექტორზე გაცემული სესხების წილი მეტყველებს. შესაბამისად, ამ ნიშას საკმაოდ კარგად "მისოები" იყენებენ . ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მათი ფილიალების დიდი ნაწილი სხვადასხვა რეგიონებშია განლაგებული, რათა სოფლისთვის კრედიტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს.", - აცხადებს კალანდაძე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში". აღნიშნული ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას მიკროსაფინანსოების საპროცენტო განაკვეთებზე ამახვილებს, რაც 30%-დან 60%-მდეც კი აღწევს და მოსახლეობას გაღარიბების საფრთხის წინაშე აყენებს. მათივე განცხადებით, ხშირად "მისოების" მხრიდან კრედიტის გაცემა გირაოს უზრუნველყოფის შემთხვევაში მაშინაც ხდება, თუ მსესხებლის შემოსავლები, სესხის დასაფარად საკმარისი არ არის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ორგანიზაციაში მიკროსაფინანსოების მიმართ რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.

რეგულაციების შემოღების საკითხს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი ლევან კალანდაძე:

"ბაზარზე პროდუქტის ფასი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ყალიბდება და მსგავსი ვითარებაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებითც. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან რამე მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესება ვერ მოხერხდება. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი გზა, მსესხებლის მხრიდან სესხის აღებისას კონტრაქტის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენაა, რათა დარწმუნდეს, რომ ის ნამდვილად შეესაბამება იმ პირობებს, რაც მისთვის მისაღებია" -აცხადებს კალანდაძე.

რაც შეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ გატარებულ რეგულაციებს, იგი ძირითდად "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონი"-ს ფარგლებში და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებების საფუძველზე ხორციელდება, რომელთა მიხედვითაც, "მისოებისთვის" სტატუსის მინიჭებას ახდენს ეროვნული ბანკი. მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება და ასევე ერთჯერადად 50 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხის გაცემა. გარდა ამისა, ისინი კვარტალში ერთხელ ეროვნულ ბანკში ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენენ. დანარჩენი საკითხები კი სესხების სახეობებს, მათი გაცემის წესებსა და საპროცენტო განაკვეთებთნ დაკავშირებით, ძირითადად მათივე საკუთარი წესდების საფუძველზე რეგულირდება.

ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ მუშობა აღნიშნული კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით მუდმივად მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, პირველ რიგში დღის წესრიგში დგას იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამიჯვნის საკითხი, რომლებიც კრედიტის გაცემისას მსესხებელთა გადახდისუნარიანობის ანალიზს ახდენენ და არ ეყრდნობიან მხოლოდ უზრუნველყოფას.

ლაშა კელიხაშვილი