სარფისა და ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტები შეფერხების გარეშე მუშაობს

საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფი" საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს 24 საათის განმავლობაში, შეფერხებების გარეშე ახორციელებს.

ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიუხედავად მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დაფიქსირებული მგზავრთა დიდი ნაკადისა, ამ დროისთვის, როგორც ფიზიკური პირების მიმოსვლის, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის სატვირთო მანქანების გატარების მხრივ პრობლემები აღმოფხვრილია.

შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანასთან, ასევე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგიც". სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო პროცედურები ამ პუნქტისთვის განსაზღვრული სამუშაო საათების განმავლობაში – 07:00-დან 18:00 საათამდე ხორციელდება.

როგორც  ერთ-ერთმა თვითმხილველმა bpn.ge- სთან საუბრისას აღნიშნა, სარფის საბაჟოსთან რიგები აღარ არის. 

სარფის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა შეფერხებით მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საბაჟოზე ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია გაითიშა და ელექტრონული სისტემები მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან ავტომანქანებისა და მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთა შეფერხებით მიმდინარეობდა.