საპარტნიორო ფონდი : ფონდის ყველა ფინანსური პარამეტრი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია

საპარტნიორო ფონდის ყველა ფინანსური პარამეტრი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

ფონდის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის წლიური აუდიტი დასრულდა და საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების 2013 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მათი ყველა ფინანსური მონაცემი გაუმჯობესებულია.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, გაზრდილი ფინანსური მაჩვენებელი ხელს შეუწყობს ფონდს და მის შვილობილ კომპანიებს, უფრო მეტი პროექტი განახორციელონ ქვეყნის მასშტაბით.

2013 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფონდის მოგებამ შეადგინა 73 მილიონ 569 ათასი ლარი, რაც თითქმის 8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. მთლიანმა შემოსავლებმა 979 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ჯამური აქტივები კი 3%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

2013 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორთა დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნითაც ფონდის ფინანსური ანგარიში სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 2013 წლის ანგარიშში შესულია საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", "ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა" და "თელასის", ფინანსური მონაცემები.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის აქციების 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა" და ნაწილობრივ, "თელასის" აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.