ლარი, დოლარი თუ ევრო - რომელ ვალუტაშია უმჯობესი დანაზოგის შენახვა?

რომელ ვალუტაშია უმჯობესი დანაზოგის შენახვა? - ეს ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა, რომელიც საქართველოში მოქალაქეებს ფულის დაბანდებასთან დაკავშირებით უჩნდებათ.

ამ კითხვაზე ეკონომიკის ექსპერტის, ლევან კალანდაძის პასუხს გთავაზობთ.

ლევან კალანდაძე: გააჩნია დანაზოგის შენახვის მიზანი რა არის. აქ თუ საქმე გვაქვს მხოლოდ შენახვასთან, მაშინ ბუნებრივია ვალუტის სტაბილურობის გათვალისწინებით, უმჯობესია დანაზოგი ამერიკულ დოლარში გავაკეთოთ. თუ ჩვენთვის სტაბილურობა უფრო მეტად პრიორიტეტულია, ბუნებრივია შენახვაც იმ ვალუტაში უნდა მოვახდინოთ, რომელიც სტაბილურია. რა თქმა უნდა, დოლარის გარდა არის სხვა სტაბილური ვალუტებიც მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს სავალუტო ოპერაციების არეალის შეზღუდვის გათვალისწინებით, ისევ და ისევ აქცენტი მაინც აშშ დოლარზე უნდა გაკეთდეს. თუ ჩვენი დანაზოგის მიზანი ზრდა არის და თუ გავითალისწინებთ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში აქცენტი უფრო მეტად სარგებლიან საპროცენტო განაკვეთზე უნდა გავაკეთოთ - ასეთი კი ლარია. ასეთი შემთხვევისთვის ლარი უფრო რეკომენდირებული და პრიორიტეტულია.

მე მოსახლეობას ვურჩევდი, რომ აქცენტი მაინც სტაბილურობაზე გააკეთოს, რადგან ერთია ზრდაზე ორიენტირებული დანაზოგი და მეორეა ის რისკები, რაც კურსთა შორის სხვაობას შეიძლება ახლდეს. 2013 წლის ბოლო და 2014 წელი კი ამ თვალსაზრისით საყურადღებო და სამაგალითო უნდა იყოს ქართველი მომხმარებლისთვის. ბუნებრივია არაპოპულისტურია და არაპატრიოტულიც კი რაც ვთქვი, მაგრამ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობამ აქცენტი ამერიკულ დოლარზე უნდა გააკეთოს.