სად წავა ახალი სანომრე ნიშნებით ამოღებული 70 მილიონი

”ბიუჯეტი რომ ივსებოდეს, რაღაც გამართლება შეიძლება ჰქონოდა"

"ეს ახალი სანომრე ნიშნები დაახლოებულია ევროსტანდარტებთან, არის ძალზედ დახვეწილი და ლამაზი. მოქალაქეებს მოვუწოდებ, მოვიდნენ და აიღონ. უკვე ვნახე, რომ დიდი რიგებია. ძალიან ბევრ მოქალაქეს წინასწარ აქვს დაჯავშნული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეს სანომრე ნიშნები მოსწონთ", - ასე წარუდგინა ახალი ინიციატივა ალექსანდრე ჭიკაიძემ ავტომფლობელებს.

მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ წამოწყებული სიახლე ავტომობილის მფლობელებისთვის 2020 წლამდე სავალდებულო არ არის, სააგენტოსთან ახალი სანომრე ნიშნების ყიდვის მსურველთა რიგები კვირაზე მეტია არ წყდება.

ნომრის გამოცვლა 2020 წლამდე სავალდებულოა მათთვის, ვისაც ტექ-პასპორტის გამოცვლა სურს. იმ პირებისთვის, რომელთა სახელზეც ძველი ნომერი არის გაფორმებული და მის გადატანას ახალ მანქანაზე აპირებენ, თანხის გადახდა არ არის საჭირო. ვინაიდან ახალი სანომრე ნიშნის მინიმალური ფასი 70 ლარია, მძღოლების უმრავლესობა 2020 წელს არ ელოდება და ახალი ნომრის შეძენა ურჩევნია.

ახალი სანომრე ნიშნების შემოღებას სახელისუფლებო წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამ ინიციატივის ერთადერთ მიზნად 6 წლის განმავლობაში მოსახლეობისგან 70 მილიონის ამოღებას მიიჩნევს:

"თანხა შედის არა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამედ შსს-ს მომსახურების სააგენტოში. ბიუჯეტი რომ ივსებოდეს, რაღაც გამართლება შეიძლება ჰქონოდა",- ამბობს ხიდაშელი "ბიზნესკურიერთან" ინტერვიუში.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კი აცხადებს, რომ ვინაიდან ინიციატივა მთავრობისგან წამოვიდა, პარლამენტს მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდა - გაეუქმებინათ კანონპროექტი ან ის ახალ სანომრე ნიშნებზე მოერგო: "მე ახლაც ვერ ვხედავ არსებული სანომრე ნიშნების შეცვლის აუცილებლობას. მთავრობამ ვერც ერთი ინფორმაცია ვერ წარმოგვიდგინა, რომელიც აჩვენებდა ნომრების ფალსიფიცირების ფაქტებს",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

სანომრე ნიშნების შეცვლის აუცილებლობის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობა ევროკავშირის დირექტივასა და არსებული სანომრე ნიშნების გაყალბების საფრთხეს ასახელებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ბიზნესკურიერთან" საუბრისას აღნიშნულს არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ შსს მომსახურების სააგენტომ ახალი სანომრე ნიშნების გაცემა 1 -ლი სექტემბრიდან დაიწყო. ახალი ნომრები ახალი ჩამოყვანილი ავტომობილის განბაჟებისა და შემდგომი გაფორმების, ან საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილის გადაფორმების შემთხვევაში გაიცემა, ძველ სანომრე ნიშნებს კი ვადა 2020 წლამდე აქვთ. ასევე შესაძლებელია სასურველი სანომრე ნიშნის აღებაც, თუმცა ამ შემთხვევაში, ნებისმიერ სასურველ ნომერს თავისი ფასი აქვს. მათთვის, ვისაც აქამდეც ფასიანი ნომერი ჰქონდა და ახალი სანომრე ნიშნის აღება სურს, მოქმედებს გარკვეული შეღავათები.