”ქართუ ბანკის” გაყიდვის გეგმა ჩაიშალა

ბანკი ფილიალების გახსნას რეგიონებში გეგმავს

ბიზნესწრეებში ”ქართუ ბანკის” გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილიდან ვრცელდებოდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ბანკი ქართველმა ებრაელმა - შოთა შალელაშვილმა და გია მიქელაძემ იყიდეს, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართუ ბანკის" გაყიდვის მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან ”ქართუს” შეძენის მსურველმა უცხოურმა ჯგუფმა აქციების შეძენაზე უარი თქვა.

სააქციო საზოგადოება ”როსიისკი კრედიტი-ქართუ” 1996 წელს დაფუძნდა. 1998 წელს კი მას ”ბანკი ქართუ” დაარქვეს. ”ქართუს” გაყიდვის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თანაინვესტირების ფონდში განაცხადეს, რომ ”ქართუმ”, როგორც საინვესტიციო ბანკმა, აქტუალობა დაკარგა.

ბანკის გაყიდვის მცდელობა რომ წარუმატებლად დასრულდა, ჩვენთან საუბრისას ”ქართუს” ფინანსურმა დირექტორმა - ნატო ხაინდრავამაც დაადასტურა.

ნატო ხაინდრავა: ”ყველაფერს დეტალურად ვერ გეტყვით, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ჩვენ სპეციალური მემორანდუმი გავაფორმეთ, როდესაც ”ქართუს ბანკის” გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ”ქართუს” შეძენის სურვილი ებრაულმა ფინანსურმა ჯგუფმა გამოთქვა. მოლაპარაკებები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ ჩვენი ფინანსური მდგომარეობაც მოეწონათ და სხვა მონაცემებიც. მიუხედავად ამისა, მყიდველსა და გამყიდველს შორის საბოლოო შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა და ბანკის გაყიდვის გეგმაც ამის გამო ჩაიშალა. აქვე უნდა ვთქვა, რომ კომერციული ბანკის გაყიდვაში უჩვეულო და განსაკუთღებული არაფერია: თავის დროზე გაიყიდა ბანკი ”რესპუბლიკა”, ”ბაზისბანკი”, ”სტანდარტბანკი” და ა.შ... ეს ჩვეულებრივი ფინანსური ოპერაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიღებული. ჩვენდა სასიხარულოდ, ქართული საბანკო სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მსოფლიო დინამიკას, ჩამორჩენილები ნამდვილად არა ვართ და ბანკის ყიდვა-გაყიდვაც, ვფიქრობ, არავის უკვირს.

- ”ქართუს” გაყიდვის მცდელობა ფინანსურ პრობლემებთან არ იყო დაკავშირებული?

- არა, რა თქმა უნდა... ჩვენი ბანკი ფინანსურად საკმაოდ ძლიერია, აქედან გამომდინარე, მას სოლიდური ღირებულება აქვს. თუ ოფიციალურ მონაცემებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ”ქართუ ბანკი” მუდმივ ჭარბ ლიკვიდობაშია. რომელ ფინანსურ პრობლემაზეა საუბარი? - ეს გამორიცხულია!

- ცნობილია, რომ ”ქართუ ბანკის” მთავარი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი - უტა ივანიშვილია. ისიც თანახმა იყო, რომ ”ქართუ” გაეყიდათ?

- ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილი ამ ბანკის ბენეფიციარი მფლობელია და მას ”ქართუში” ასპროცენტიანი წილი აქვს, ხოლო დამფუძნებელი ”ქართუ ჯგუფია”. რასაკვირველია, მფლობელი თანახმა იყო, რომ ”ქართუ ბანკი” გაყიდულიყო, მაგრამ მყიდველთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და უკვე გადაწყდა, რომ ბანკი აღარ იყიდება. რაღაც პერიოდში მოლოდინის რეჟიმში ვმუშაობდით, ახლა კი - ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას. სხვათა შორის, კლიენტურასაც არ ვუჩივით, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად კორპორატიულ სეგმენტს ვემსახურებით, ანაბრებს რიგითი მოქალაქეებისგანაც ვიღებთ და ჩვენს მომხმარებლებს ყველა ტიპის საბანკო პროდუქტს ვთავაზობთ. რა მოხდებოდა, ”ქართუ ბანკი” რომ გაყიდულიყო? - მართალია, ჩვენი ბანკის წილი იყიდებოდა, მაგრამ კლიენტურა დარჩებოდა, თუმცა, ვისაც სხვა ბანკში გადასვლის სურვილი ექნებოდა, სხვისი მომსახურებით ისარგებლებდა, ასე რომ, ჩვენს კლიენტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.

-როგორ შეიძლება შეფასდეს ”ქართუ ბანკის” მდგომარეობა დღეს და სამომავლოდ თუ გაქვთ გაფართოების გეგმები?

-”ქართუ” არ არის დიდი ბანკი, ბევრი ფილიალიც არა გვაქვს, თუმცა ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე - კაპიტალის ადეკვატურობით ეს საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ბანკია. ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით შვიდეულში ვართ, ხოლო ზოგიერთით - ექვსეულში... რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, განვითარებისა და გაფართოების გეგმები ჩვენც გვაქვს - ძირითადად, ფილიალების ქსელის გაფართოებას ვგულისხმობ. ჩვენი გეგმები მხოლოდ დიდი ქალაქებით არ შემოიფარგლება, გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ”ქართუს” ახალი ფილიალები საქართველოს რეგიონებშიც გაიხსნას.

ხათუნა ჩიგოგიძე