მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე მცირდება და დღეისათვის მისი ფასი ბოლო 2 წლის მინიმუმ მაჩვენებელზე დგას.

ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, ლონდონში Brent ნავთობის ფასი შეადგენს 97,11 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი - 92,27 დოლარს/ბარელზე.

”ნავთობის ფასის შემცირება განპირობებული იყო ძირითადად ლიბიაში ნავთობის მოპოვების ზრდით და აშშ-დან ნავთობის ექსპორტის დაწყებით (პირველად 1970 წლის შემდეგ); მნიშვნელოვანია ასევე, რომ ერაყში არსებულმა კრიზისმა გავლენა ვერ მოახდინა როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე. ასევე უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (MEA) განცხადება. კერძოდ, სააგენტომ შეამცირა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი და აღნიშნა, რომ ეს დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის შენელებასთან ევროპასა და ჩინეთში.

ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ სანავთობო სფეროსთვის ბოლო დღეებში აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებისათვის სანქციების დაწესება. კერძოდ, სანქციები შეეხოთ რუსეთში ნავთობის სფეროში მოქმედი კომპანიების 90%-ს, ხოლო გაზის სფეროში მოქმედი კომპანიების 100%-ს. სანქციები შეეხოთ ისეთ გიგანტურ ენერგეტიკულ კომპანიებს, როგორებიცაა „როსნეფტი", „გაზპრომი", „ტრანსნეფტი". ამერიკის მხრიდან სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე პირველად კერძო ნავთობკომპანიები, როგორებიცაა „ლუკოილი" და „სურგნეფტგაზი". დაწესებული სანქციების თანახმად, აღნიშნულ კომპანიეებს არ ექნებათ წვდომა ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ნავთობის მოპოვების ასათვისებლად და დაზვერვითი საქმიანობისათვის არქტიკულ შელფზე, ღრმა წყლიან ზონაში და ფიქალის საბადოებზე. კომპანიებს ასევე არ ექნებათ წვდომა როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ კაპიტალზე დაფინანსებისათვის.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის - საუდის არაბეთის ბიუჯეტი დაბალანსებულია ნავთობის ფასზე 85 დოლარის ოდენობით ბარელზე (რუსეთის ბიუჯეტი - 96 დოლარის ოდენობით ბარელზე). აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასის კლება 85 დოლარს ქვევით არ წავა.

ნავთობის ფასის კლების პარალელურად, შემცირებულია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ფასის მკვეთრი შემცირება დაიწყო 8-10 სექტემბრის შემდეგ, ხოლო მთელი აგვისტოს პერიოდი და სექტემბრის დასაწყისი საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით ერთ დიაპაზონში იყო. ფასის შემცირების მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ის აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩვენს ბაზარზე”,- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.