ძვირი საგარეო ვალი

2014 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 13,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის 32 პროცენტი (4.1 მილიარდი აშშ დოლარი) სამთავრობო ვალია.

”საქართველოს მთავრობის საგარეო ვალს მშპ-სთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვრამდე არ მიუღწევია, თუმცა საგულისხმოა, რომ საგარეო ვალის 94 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რაც ზრდის სავალუტო რისკს და იმის საფრთხეს, რომ გაცვლითი კურსის ფონზე აღებული ვალდებულებების წნეხი შესაძლოა, გაიზარდოს”, - ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” პროექტ ,,ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტის” ფარგლებში მოამზადა.

პროექტის მიზანია საქართველოში დაამკვიდროს კრიზისის მართვის კულტურა და მთავრობას გაუწიოს ექსპერტული დახმარება ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტის შექმნაში.

კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიული დოკუმენტის არსებობის აუცილებლობას: ,,ბევრ ქვეყანას გააჩნია ვალის მართვის სტრატეგია, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა იმ აუცილებელი ვალდებულების, პირობის თუ ღონისძიების შესახებ, რომელიც ქვეყნის მთავრობამ ვალის მართვისას უნდა გაითვალისწინოს. საქართველოში მსგავსი სტრატეგია არ არსებობს, მაგრამ ჩამოყალიბებულია ხედვა და მიდგომები, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ვალი და საკანონმდებლო დონეზე გაწერილია ვალის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს (ფინანსთა სამინისტრო) მოვალეობები.”

კვლევაში ვკითხულობთ, რომ საგარეო ვალი ყოველთვის არ არის იაფი და ქვეყნის საფინანსო სექტორის სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გარკვეული მოცულობის შიდა ვალის არსებობაც. ამის მაგალითია 90-იან წლებში არგენტინაში, ბრაზილიაში, რუსეთსა და ინდონეზიაში ვალუტის გაუფასურების შედეგად ვალის საგრძნობი ზრდა.

კვლევის მიხედვით, ვალის მართვის სტრატეგიაში მნიშვნელოვანია ისეთი რისკების მართვის არსებობა, როგორიცაა რეფინანსირება, გაცვლითი კურსის, საპროცენტო განაკვეთის თუ საქონელზე ფასების ცვლილება. რისკების შეფასების მიზნით, ვალის მართვაზე პასუხისმგებელმა გუნდმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს ვალის პორტფელის ე.წ. stress test შესაძლო ეკონომიკურ და ფინანსურ შოკებზე, რომლის წინაშეც მთავრობა და ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს.

როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერმა, ირინა გურულმა bpn-ს განუცხადა, სახელმწიფოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკების შემცველია მხოლოდ არსებული კანონმდებლობის მიხედვით საგარეო ვალის მართვა.

,,ეკონომიკურ სექტორებსა თუ პროექტებს, რომელთაც სახელმწიფო ვალი უნდა მოხმარდეს, უნდა ჰქონდეთ სესხის დანახარჯებზე უფრო მაღალი ამონაგები. აუცილებელია ამ პროექტების მიზანშეწონილობის შესწავლა. სოციალური ან ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ვალი უნდა მოხმარდეს, უნდა შეფასდეს ე.წ. cost/benefit ანალიზით|”- განუცხადა ირინა გურულმა bpn-ს.

სალომე შიხაშვილი