”რუსეთისთვის სვიფტის გათიშვა საქართველოსაც დააზარალებს”

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს საბანკო და არა მხოლოდ საბანკო სისტემას?

რუსეთისთვის უკვე დაწესებული, თუ სამომავლოდ დასაწესებელი სანქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მისი საბანკო ანგარიშსწორების ელექტრონული სისტემიდან , ე.წ  SWIFT-იდან გათიშვაა. ეს საკითხი ევროკავშირის წინაშე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დააყენა, თუმცა ახლახან დამტკიცებულ სანქციებში ეს ზომა გათვალისწინებული არ არის. რატომ შეიკავეს თავი ამისგან და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

ამ საკითხზე გაზეთი ”პრემიერი” ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, რომან გოცირიძეს ესაუბრა. როგორც გოცირიძე აცხადებს, ევროკავშირისა და ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალიან სერიოზულია: ”ამით რომ დაეწყოთ, დღეს ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ამ დაგვიანებულმა ნაბიჯებმა თავისთავად გამოავლინა დასავლეთის ქვეყნებისა და მათი ინსტიტუტების სისუსტეები საერთაშორისო საფრთხეების პრევენციის კუთხით”,- ამბობს გოცირიძე, თუმცა დასძენს, რომ რუსეთმა პირველად იგრძნო იმის საფრთხე, რომ მართლაც შეიძლება უფრო მძიმე ზომებს მიმართოს დასავლეთმა. გოცირიძის თქმით, რუსეთი სვიფტის გათიშვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს...

როგორც გაზეთ ”პრემიერთან” საუბრისას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთმა სვიფტის ალტერნატივაზე ფიქრი უკვე დაიწყო და რუსული ბანკები ანგარიშებს ჩინეთის, ჰონგ-კონგის, სინგაპურისა და აზიის სხვა ბანკებში ხსნიან. გოცირიძის თქმით, სვიფტის ალტერნატივის შექმნის მიუხედავად, რუსეთს მაინც უამრავი სირთულის გადალახვა მოუწევს და საერთაშორისო ტრანზაქციების წარმოება დიდი ზარალის ფასად დაუჯდება.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, სვიფტის გათიშვის შემთხვევაში, რუსეთის გარდა სერიოზული პრობლემების წინაშე საქართველოც აღმოჩნდება. ”რუსეთიდან მხოლოდ მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. მარტო რუსეთიდან მიღებული ვალუტა უფრო მეტია, ვიდრე მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციები ერთად აღებული. ეს თანხა შემოდის როგორც საბანკო გადარიცხვების, ასევე სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის მეშვეობით. იქ, სადაც სვიფტის იაფი სისტემა გამოიყენებოდა, იძულებული გახდებიან უფრო ძვირადღირებულს მიმართონ. შეფერხებები აუცილებლად იქნება სატრანსფერო ოპერაციების დიდი რაოდენობისა და თანხის დიდი მოცულობის გამო. კვლავ ამოქმედდება ფულის ჯიბით გადმოტანის სისტემა, რაც საბანკო სფეროსაც დააზარალებს. ლარის სტაბილურობასაც საფრთხე შეექმნება”,- ამბობს გოცირიძე.

სვიფტი იშიფრება როგორც ”ორგანიზაცია მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციებისთვის”. მისი ფუნქციაა ინფორმაციის გადაცემა და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება. ის არის ყველაზე საიმედო და სწრაფი სისტემა, ფაქტობრივად, მონოპოლისტია და სერიოზული ალტერნატივა არ გააჩნია.