შიდა ვალის პირამიდა

7 თვეში ქვეყნის შიდა ვალი თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სახაზინო ვალდებულებებითა და ობლიგაციების გამოშვების შედეგად სახელმწიფოს შიდა ვალმა 1,2 მილიარდს მიაღწია. ექსპერტების ერთი ნაწილის განცხადებით, ეს არის ფინანსური პირამიდა, რომელმაც, არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფო დეფოლტის წინაშეც კი დააყენოს. თუმცა ამ ეტაპზე სპეციალისტები ამის საშიშროებას ვერ ხედავენ. სხვათა შორის, 7 თვეში შიდა ვალი ნახევარი მილიარდით გაიზარდა და წელს რეკორდი ამ მხრივაც დამყარდა.

ყველაზე დიდი შიდა ვალი სახელმწიფომ სწორედ წელს აიღო. ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2014 წლის 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ემისია დაიგეგმა. ფინანსთა სამინისტრო 310 მილიონი ლარით ძველ ვალდებულებებს ისტუმრებს, ვალის მოცულობა კი დამატებით 600 მილიონი ლარით იზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სამ კვარტალში ფინანსთა სამინისტრომ 783,490 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულება და ობლიგაცია გამოუშვა. მე-4 კვარტალში ფინანსთა სამინისტრომ 126 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ემისია უნდა განახორციელოს. არადა, თითქმის ამდენივე ფასიან ქაღალდს ერთ თვეში ყიდდნენ, მაგალითად, იანვარში - 125,5 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ხოლო თებერვალში - 107 მილიონამდე.

საყურადღებოა ერთი ფაქტიც. სახაზინო ობლიგაციების ემისიის მოცულობამ, რომელიც მრავალწლიანია, პირველად გადააჭარბა სახაზინო ვალდებულებების მოცულობას. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გაყიდულია 424,290 მილიონი ლარის ობლიგაცია, ხოლო სახაზინო ვალდებულება - 359,200 მილიონი ლარია.

ობლიგაციები, ძირითადად 2-5-10 წლიანია. 10-წლიანი ობლიგაციის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11%-ს აჭარბებს. ასევე, წელს, თებერვალში, პირველად, ფინანსთა სამინისტრომ 67,367 მილიონი ლარის 5 წლიანი ობლიგაცია გამოუშვა. ეს ის პერიოდია, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი პიკს რომ აღწევდა. მომდევნო ემისია მარტში განხორციელდა და ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის აუქციონზე 52,417 მილიონი ლარის მოცულობის 10-წლიანი ობლიგაცია გაიყიდა, რომლის საპროცენტო განაკვეთმა 10%-ს გადააჭარბა. ასეთი დიდი მოცულობის ობლიგაციის ემისია კიდევ ივლისსა და აგვისტოშიც განხორციელდა. ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების ემისია 2010 წლიდან დაიწყო. თუმცა 2014 წლამდე ობლიგაციის მოცულობა 20 მილიონ ლარს არ ასცილებია.

ექსპერტი ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით შიდა ვალის ზრდა, ეს არის ფინანსური პირამიდა.

”კლასიკური გაგებით იგი ფინანსური პირამიდაა, უბრალოდ, ამ პროცესში მთავარი მოთამაშე სახელმწიფოა და ეს არასდროს შეწყდება. ვალების აღება საგადამხდელო ბალანსში და მაკროეკონომიკურ პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს. ასე უსასრულოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია არ შეიძლება. აშკარად პირამიდაა - იღებ ვალს, ნაწილით ძველ ვალს ფარავ, ნაწილს გარკვეული ვალდებულებების დასაფინანსებლად იყენებ, შემდეგ ეს პროცესი ისევ მეორდება. საბოლოო ჯამში, შიდა ვალი დიდ მასშტაბს აღწევს. სხვათა შორის, ამ პრინციპით სხვა ქვეყნებიც მუშაობენ”, - ამბობს ვაჟა კაპანაძე.

მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ასეთი დიდი რაოდენობის ვალის აღება, როდესაც ხაზინის ანგარიშზე ნაშთის მოცულობა დიდია და სახელმწიფო უწყებები თანხებს ვერ ითვისებენ.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თუკი ბიუჯეტის შემოსავლები ძველი ვალების გასტუმრების შესაძლებლობას გვაძლევს და ახალი ვალით ძველის რეფინანსირება არ ხდება, მაშინ ეს პროცესი უფრო ეფექტურია.

”თუ შემოსავლები გაძლევს იმის საშუალებას, რომ ძველი ვალები საბიუჯეტო შემოსავლებით დაფარო და რეფინანსირება არ გააკეთო, მაშინ ეს პროცესი უფრო ჯანსაღია. როცა ვალდებულებათა გასტუმრება რეფინანსირებით ხდება და ვალი მიდის შორს, ეს დროში კარგად არის დასათვლელი, რათა ფინანსურ პირამიდად არ იქცეს. ვალის მართვის თემა ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე და დასძენს, რომ ჯერჯერობით სახელმწიფოსთვის ეს მწვავე საკითხი არ არის.

”თუკი ეკონომიკური ზრდა შემცირდება, შემოსავალი მოიკლებს და რეფინანსირების პროცესი გაგრძელდება, ეს უკვე დისპროპორციას შექმნის და პრობლემა წარმოიქმნება”, - აღნიშნავს ლექვინაძე.

1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო შიდა ვალი 1,753 მილიარდ ლარზე მეტია. აქედან 1,162 მილიარდი სახაზინო ობლიგაციების ემისიიდან დაგროვდა. 591 მილიონი ლარი კი სხვა ტიპის ფასიანი (ობლიგაცია ეროვნული ბანკისთვის და ღია ბაზრის ოპერაციებისთვის) ქაღალდების გამოშვებიდან. ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მხოლოდ ახალი სახელმწიფო ვალის შესახებ არსებობს ინფორმაცია, აქ ე.წ. ”ისტორიულ ვალზე” არაფერია ნათქვამი, იმ მოტივით, რომ ამ კატეგორიის ვალი დაუზუსტებელია.

ხაზგასასმელია, რომ 7 თვეში ქვეყნის შიდა ვალი თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს 1,345 მილიარდი ლარის შიდა ვალი აღნუსხა. შედარებისთვის, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, შიდა ვალი მხოლოდ 114 მილიონი ლარით გაიზარდა (2012 წელს 1,231 მილიარდი). 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით კი - 62 მილიონი ლარით (2011 წელი - 1,169 მილიარდი). იმ პერიოდში ვალი, 2010 წელთან შედარებით, 116 მილიონი ლარით გაიზარდა.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ვალდებულებებით ფინანსთა სამინისტრო 1998 წლიდან ვაჭრობდა და ის 2006 წელს შეწყდა, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის აუქციონზე საპროცენტო საშუალო შეწონილმა განაკვეთმა 19,7-ს მიაღწია. 2009 წლის აგვისტოდან კი ფინანსური ბაზრის განვითარების მიზეზით შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დანერგილი პრაქტიკა აღდგა და თანაც ისე სწრაფად, რომ ვალმა ასეულობით მილიონ ლარს გადააჭარბა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”