სახელმწიფოს მიმართ ბიზნესის ვალი 4 მილიარდია

”სახელმწიფოს მიმართ ბიზნესს 4 მილიარდი ვალი აქვს, მაგრამ ამ 4 მილიარდში საბჭოთა კოლმეურნეობებისა და ისეთი ორგანიზაციების ვალია, რომელიც ბუნებაში აღარ არსებობს”

"ჩვენთვის მთავარია, ბიზნესმა იმუშაოს და პირნათელი იყოს სახელმწიფოსთან",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაზეთ ”ვერსიასთან” საუბრისას განაცხადა. მინისიტრის თქმით, რამდენიმე მიმართულებით იგეგმება ჯარიმების ლიბერალიზაცია და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, მათ შორისაა 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

როგორც ხადური აცხადებს, მთლიანობაში, სახელმწიფოს მიმართ ბიზნესს 4 მილიარდი ვალი აქვს, მაგრამ ამ 4 მილიარდში საბჭოთა კოლმეურნეობებისა და ისეთი ორგანიზაციების ვალია, რომელიც ბუნებაში აღარ არსებობს. ამიტომაც, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ბაზა უნდა გასუფთავდეს. ”ვერ დავეთანხმები ზოგიერთ ოპონენტს, რომ ამ ცვლილებით, ბიზნესს არათანაბარ პირობებში ვაყენებთ. ჩვენ ვცდილობთ ყოველი კონკრეტული საქმე ცალკე შევისწავლოთ. მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 1000 კონკრეტული საქმე განიხილა და თუ რომელიმე ბიზნესმენი ან მეწარმე უსამართლოდ დაიჩაგრა, ვცდილობთ, პრობლემა აღმოვფხვრათ. შესაბამისად, არავის დაჩაგვრას და არათანაბარ პირობებში ჩაყენებას არ ვაპირებთ. მოვედით თუ არა ხელისუფლებაში, საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადის შემცირება დავიწყეთ და 6 წლის ნაცვლად, მომავალი წლიდან ხანდაზმულობა 5 წელი იქნება, შემდეგ 4 და ბოლოს 3 წელი,”-აცხადებს ფინანსთა მინისტრი გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ხადურის ინფორმაციით, გარადა ამისა, საწარმოებს ან კომპანიებს, რომლებსაც დიდი საგადასახადო დავალიანება ჰქონდათ, ამ ცვლილებით, საშუალება მიეცემათ, საქმიანობა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.