მესტიაში და ანაკლიაში წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე 19 მლნ დაიხარჯება

მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე 19 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა" და კონტრაქტორ კომპანიას (ერთობლივი საწარმო "Pfeiffer" - გერმანია და "Protechno" - იტალია) შორის, მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირებასა და მშენებლობას. პროექტის განხორციელების ვადა ორი წელია, ღირებულება კი - 19,284,052.58 აშშ დოლარი. პროექტირებასა და მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. კონტრაქტორი კომპანია საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში, რომლის მშენებლობასაც დღეს ხელმოწერილი კონტრაქტი ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი პროექტია. ის სრულად უზრუნველყოფს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან. ჩამდინარე წყლების გაწმენდა განხორციელდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

მათივე ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ანაკლიაში, ისე მესტიაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა. მხარეში განხორციელებული ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მიმზიდველი იქნება აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.