წლის ბოლოს ადგილობრივი პროდუქტი საგანგაშოდ ძვირი ეღირება

”თვიდან თვემდე ვალი მაქვს, მერე ხელფასით ვისტუმრებ, ისევ ახალ ვალს ვიღებ და ვცხოვრობ სტრესში”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე გაძვირების შეჩერება ვერ ხერხდება. სპეციალისტები, აგრარული სეზონის დასრულებასთან ერთად, ფასთა კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. ხელისუფლებას, ჯერჯერობით ამ პროცესების დარეგულირების ბერკეტი არ გააჩნია. არადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 3,4%-ია, ხელისუფლებაში ხშირად იმეორებენ, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია არ შეინიშნება და შესაბამისი სტრუქტურები ამ პროცესს ”შესანიშნავად” მართავენ. ფაქტი კი სხვაზე მიუთითებს.

წელს, სექტემბერში პირველად, აგრარულ ბაზარში 1 კილოგრამი ბადრიჯანი 1 ლარი ღირს, მწვანე ლობიო -2 ლარი, კარტოფილი - 1 ლარი, პომიდორი - 1 ლარი, იმერული ყველი 9 ლარი და ა.შ. პროდუქტზე ფასი მუდმივად მზარდია და წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მეტად გაძვირებაა მოსალოდნელი.

როგორც აღმოჩნდა, სტატისტიკის მიხედვით, ინფლაციის დონის თუნდაც 3,4%-მდე მიღწევაში ”მთავარი წვლილი” სწორედ სურსათის გაძვირებას მიუძღვის. სხვა სახის პროდუქტზე - ტანსაცმელზე, ტექნიკასა თუ ავეჯზე - ფასი ან არ იცვლება, ან იაფდება. მოსახლეობას კი არსებობისთვის სურსათი სჭირდება.

პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთ მიეზად რუსეთის ბაზრის გახსნა განიხილება, თუმცა ამ პროცესზე არანაკლები გავლენა მოახდინა გვალვამ და ღვარცოფებმა. კახეთში მოსავლის დიდი ნაწილი გადაიწვა, გვალვის გამო მოსავლიანობა შემცირდა იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. პროდუქტი ძვირდება, უმუშევრობის მაჩვენებელი კი ისევ მაღალია. მოსახლეობა საკმაოდ რთულ პირობებში იმყოფება. მართალია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამბობს, რომ 4-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 266 ლარია, მაგრამ სინამდვილეში ეს ორი კვირის სამყოფი თანხაც კი არ არის.

ნინო მეტრეველის ოჯახი, სწორედ 4 სულისგან შედგება. იგი ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 700 ლარია, თუმცა არსებობას მინიმალურ დონეზე ძლივს ახერხებენ.

”ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. მხოლოდ მეუღლე მუშაობს, რომლის თვიური ანაზღაურება 700 ლარია. ვცდილობთ ყველაფერში ეკონომია გავაკეთოთ, თუმცა პროდუქტი ისე გაძვირდა, რომ ეს თანხა მინიმალურ მოთხოვნებსაც ვეღარ აკმაყოფილებს. სულ ვნერვიულობ, რომ ბავშვების კარგად კვებას ვერ ვახერხებ, ჩაცმაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

ორივე ბავშვი სკოლაში დადის. მართალია, წიგნები უფასოდ მისცეს, მაგრამ მოსწავლეს კიდევ ათასი რაღაც სჭირდება. ოჯახისთვის, დღეში 20 ლარის საკვებს თუ ვიყიდი, ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად მაქვს, მაგრამ ბავშვები ერთხელ თუ მაინც გამიცივდა, უკვე ვალში ვარდები და შემდეგ თვის ხარჯს ვალის მომსახურებაც ემატება”,-ამბობს ნინო მეტრეველი და აღნიშნავს, რომ 700 ლარი საკმარისია მხოლოდ მინიმალური არსებობისთვის.

”თუ ავად გახდი, ვინმემ დაბადების დღეზე, ქორწილში ან დაკრძალვაზე მიგიპატიჟა ანდა ბავშვები ექსკურსიაზე წაიყვანეს, ჩვენი საქმე წასულია. თვიდან თვემდე ვალი მაქვს, მერე ხელფასით ვისტუმრებ, ისევ ახალ ვალს ვიღებ და ვცხოვრობთ სტრესში. არ გეგონოთ, რომ ეს მარტო ჩემი პრობლემაა, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები ყველა ასეა. პირობები უფრო გაუარესდა, ვიდრე გაუმჯობესდა”, - ამბობს ნინო მეტრეველი.

სტატისტიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, ფასის ზრდაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველი ეს არის სეზონური ფაქტორი, რომელიც ტრადიციულია საქართველოსთვის - ზაფხულში სურსათი შედარებით იაფია, შემოდგომიდან კი ძვირდება. მეორე ფაქტორია ხელფასებისა და შემოსავლების მატება, როგორც მიმოქცევაში ფულის მასის ზრდის შემადგენელი ნაწილი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დასაქმებულების ნაწილს 100 ლარითაც კი რომ გაეზარდოთ შემოსავალი ისინი მაშინვე სასურსათო მდგომარეობის გაუმჯობესებას იწყებენ, რაც ფასებზე მყისიერ გავლენას ახდენს.

”ყოველი დამატებითი 100 ლარის შემთხვევაში, დაბალშემოსავლიანი ადამიანი წავა და გაიუმჯობესებს სასურსათო მდგომარეობას. ამ შემთხვევაში ფასების დაბალანსების ორი ბერკეტი არსებობს, იმპორტის ხარჯზე საქონლის მასის გაზრდა ან ფულის მასის ამოღება მიმოქცევიდან”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლებაში განსხვავებულად ფიქრობენ - ინფლაცია არის ნორმალურ მაჩვენებელზე, ამიტომ მის შესამცირებლად არანაირი ბერკეტის გამოყენება საჭირო არაა. ასე რომ, მოსახლეობას სოციალური ფსკერისკენ წასვლა და გაძვირებულ პროდუქტთან შეგუება მოუწევს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”