გიორგი ქადაგიძე: საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარების იმ სტადიას შეესაბამება, რაზეც საქართველო იმყოფება

საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები შეესაბამება ეკონომიკის განვითარების იმ სტადიას, რაზეც საქართველო იმყოფება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მსოფლიო ბანკის იმ მონაცემების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც, რეგიონში ყველაზე ძვირი სესხი საქართველოში გაიცემა.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით, ქვეყანაში აღნიშნული კუთხით დღეისთვის არსებული ვითარება "კანონზომიერია".

"მიუხედვაად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში სახეზეა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ კუთხით ის დონე, რაც დასავლეთ ევროპაშია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკაც არ არის განვითარების იმ დონის, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ აქ ყველაფერი კანონზომიერია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. არსებული ტენდენციებით, პრინციპში, კმაყოფილნი ვართ, რადგან იპოთეკურ სესხებზე ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთები რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს კი ეს რეალობაა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, არსებული შედეგი საბოლოო არ არის და ის "აუცილებლად გაგრძელდება". მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო სესხებზე, საქართველოშია.