ნოდარ ხადური: მომავალ წელს ვალსაც ვიღებთ და ვალსაც ვისტუმრებთ

მომავალ წელს ვალსაც ვიღებთ და ვალსაც ვისტუმრებთ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, მომავალ წელს საგარეო ვალებს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის აიღებენ.

"რაც შეეხება გასტუმრებას, მომავალ წელს 345 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს საგარეო ვალებში. დაახლოებით 160 მილიონი ლარით შევიმცირებთ საშინაო ვალს მომავალ წელს.

ახალ, საშინაო ვალს ავიღებთ ალბათ ისევ 400 მილიონი ლარის ფარგლებში. საგარეო ვალს რაც შეეხება, მომავალ წელს ვალდებულებები გაგვეზრდება მილიარდ სამას ოცი მილიონი ლარით, მათ შორის 900 მილიონ ლარზე მეტი ეს არის თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურას მოხმარდება საგარეო დაფინანსებიდან", -აღნიშნა ხადურმა.