დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური თვითდაფინანსებაზე გადადის

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დაფინანსების წყაროს იცვლის და საბიუჯეტო ორგანიზაციიდან თვითდაფინანსებაზე გადადის.

ამას "დაზღვევის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, სამსახურის დაფინანსების წყარო მზღვეველებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთა მიერ გამომუშავებული პრემიის და კუთვნილი შემოსავლების 1% იქნება. ამ მიმართულებით დგინდება მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი – წლიური სავალდებულო საზედამხედველო საფასური თითოეულისათვის არ უნდა იყოს 300 ათას ლარზე მეტი და 50 ათას ლარზე ნაკლები. პროექტის მიხედვით, საზედამხედველო საფასურის კვარტალურად გადახდის წესს თავად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დაადგენს.

აქვე მოცემულია გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც კომპანია სავალდებულო საზედამხედველო საფასურს არ იხდის. კერძოდ, ეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების და მისი იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმში გადასვლის შემთხვევაში მოხდება.

"დაზღვევის შესახებ" კანონით განისაზღვრება ისიც, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, დაზღვევის სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების ოდენობას უნდა შეეფერებოდეს.

გარდა ამისა, აღნიშნული სამსახურის უფროსი თანამდებობაზე გარკვეული ვადით – 5 წლით დაინიშნება.

ასევე ცვლილება შედის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციის მქონე, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში. დღეს სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ორი ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მათ ორი წევრი - ჯანდაცვის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაემატება.

"დაზღვევის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა წარუდგინა.