სახაზინო კონტროლი!

მთავრობა ყველა საჯარო უწყებას ფულს დაუთვლის

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, 2015 წლის პირველი იანვრიდან ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები სახაზინო მომსახურებაზე გადავლენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებს ანგარიში არა კომერციულ ბანკებში, არამედ უკვე ხაზინაში ექნებათ და მომსახურებასაც სწორედ ხაზინა გაუწევს. არ შეიზღუდება მათი ავტონომიურობა და როგოც სსიპ-ები, ასევე თვითმმართველი ორგანოები თანხას ისევ დამოუკიდებლად განკარგავენ. ხადურის უწყებაში ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად უფრო მეტ გამჭვირვალობას და აღრიცხვის მოწესრიგებას ასახელებენ.

სსიპ-ებისა თუ სხვა უწყებების სახაზინო მომსახურებაზე გადასვლას დადებითად აფასებენ ექსპერტები და მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ”საჯარო ფულის” გამჭვირვალობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა მათი აზრით, ეს საკმარისი არ არის. კარგი იქნება, თუ მთავრობა სსიპ-ებთან მიმართებაში საკითხს სისტემურად მოაწესრიგებს, ანუ განსაზღვრავს მათ მიერ დადგენილი ტარიფების მიზანშეწონილობას და ა.შ.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა განხორციელდება. ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, გადავა სახაზინო მომსახურებაზე.

”მათ ანგარიში ექნებათ ხაზინაში და ის გაუწევს მომსახურებას. აქამდე ზოგიერთს ჰქონდა კომერციულ ბანკებში, ზოგს კი- ხაზინაში. ახლა მოხდება კონსოლიდაცია, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, სტატისტიკურად, ინფორმაციულად გვქონდეს პირდაპირი წვდომა, რა მდგომარეობაა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ახალი გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად სამინისტროში უფრო მეტი გამჭვირვალობა და აღრიცხვის მოწესრიგება დაასახელეს. როგოც ”რეზონანსთან” საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე მთავრობა უკვე დიდი ხანია მუშაობს და 1-ლი იანვრიდან საბიუჯეტო ცვლილება ძალაში შევა.

”საჯარო ფინანსების მართვის გაუჯობესების მიზნით, 2010 წლიდან დაიწყო სსიპ-ეის ანგარიშების მომზადება. დღეს სსიპ-ები უკვე შექმნილია და ბიუჯეტის ანგარიშთან ერთად, აუცილებელი გახდა სახაზინო მომსახურებაზე გადასვლა. რამდენი ლარი შემოვიდა სსიპ-ებში, რაში დაიხარჯა ფული -ეს ანგარიში მუდმივად კეთდება, მაგრამ აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით ეს მომსახურება ხაზინაზე გადმოვა. ხაზინის მეშვეობით განახორციელებენ ხარჯვას როგორც სსიპ-ები, ასევე ადგილობრივი თვითმართველობები”, - განუცხადა ”რეზონანსს” კაკაურიძემ.

თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზაციებს რამე შეზღუდვა ექნება. ”ისინი ფულს დახარჯავენ ისევე, როგორც ხარჯავენ ახლა, უბრალოდ, ბანკის ნაცვლად ოპერაციას სახელმწიფო ხაზინა განახორციელებს. საკითხი არის სუფთა ტექნიკური და სიახლე რაიმე ტიპის შეზღვდვას არ გულისხმობს”, - დასძინა კაკაურიძემ.

ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას უწონებენ ექსპერტები და ფიქრობენ, რომ საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის თვალსაზრისით სსიპ-ების ფინანსების ხაზინის გავლით მართვა აუცილებელი პროცედურაა.

”ამ გადაწყვტეილებით ფინანსთა სამინისტროს უფრო მეტი ბერკეტი ეძლევა, რომ სსიპ-ების ფინანსებში ჩაიხედოს. ბუნებრივია, მეტი გამჭვირვალობა იქნება საჯარო ფინანსების ხარჯვის მხრივ და ფინანსთა სამინისტროსაც მონიტორინგის საშუალება ექნება. მოკლედ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს”,- განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძემ.

სსიპ-ების ფულის ხაზინის მეშვეობით მართვას დადებით მოვლენას უწოდებს იურისტი და კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ალაფიშვილი. ”სსიპ-ების სახაზინო მომსახურებაზე გადასვლა, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც მთავრობას წლების განმავლობაში არაერთი სპეციალისტი ურჩევდა, მათ შორის კი, აუდიტის სამსახურიც. ამ გადაწყვტეილებით ჩვენთან საბიუჯეტო პროცესი რეალურად სისტემურად მოწესრიგდება. საქართველოში საბიუჯეტო მოწყობისა და პროცესის უმთავრესი პრინციპი წლების განმავლობაში დარღვეული იყო, არ არსებოდა კონსოლიდირების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას შეეძლებოდა საჯარო ფინანსებისთვის თვალყურის დევნება. ახალი ცვლილება მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს ამის საშუალებას მისცემს, რაც სულაც არ ნიშნავს ამ სსიპ-ეის ხარჯვით ნაწილსა თუ ავტონომიურობაში ჩარევას. მისასალმებელია, რომ ეს პრინციპი საბიუჯეტო კოდექსში განისაზღვრა, ამით საჯარო ფინანსების კონსოლიდირება მოხდება”, - განაცხადა ალაფიშვილმა.

აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის და აუცილებელია მთავრობამ სსიპ-ებთან მიმართებაში საკითხი სისტემურად მოაწესრიგოს, ანუ განსაზღვროს მათ მიერ დადგენილი ტარიფების მიზანშეწონილობა და ა.შ.

”რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯს, კარგი იქნება თუკი უფრო შორს წავა მთავრობა, უფრო თამამი იქნება და მიიღებს არანაკლებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც კონკრეტულად სსიპ-ებთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, მათ რაოდენობასთან და სსიპ-ების მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით.

სსიპ-ების ფინანსების ხაზინაში ასახვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს საკითხის სისტემურად მოწესრიგება, თუ რა სერვისს იტოვებს სახელმწიფო, რა უნდა წავიდეს კერძო სექტორში და რა დარჩეს მთავრობას. ასევე რამდენად სწორი, დასაბუთებული, სამართლიანი და მეთოდოლოგიურად გამართულია ტარიფები, რომელთა გამოყენებითაც ეს სსიპ-ები იღებენ შემოსავლებს რიგითი მოქალაქეებისგან ან სხვა სუბიექტებისგან, რომელთაც მომსახურებას უწევენ.

ჩემი აზრით, სსიპ-ების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. რაც შეეხება დადგენილ ტარიფებს, მათი მიზანშეწონილობაც უნდა განისაზღვროს. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია და ვურჩევ მთავრობას, რომ სწრაფად მოაგვაროს”,- დასძინა ”რეზონანსთა” საუბრისას ალაფიშვილმა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”