საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 13.1 მლრდ აშშ დოლარი (22.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 80.4 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.3 მლრდ აშშ დოლარი (9.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.5 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.1 მლრდ აშშ დოლარი (7.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 288.3 მლნ აშშ დოლარი (500.5 მლნ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ვალი - 833.3 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.6 მლრდ აშშ დოლარი (4.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (5.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (4.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2014 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 55.1 მლნ აშშ დოლარით (97.2 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ვალი ფასის ცვლილების გამო 60.4 მლნ აშშ დოლარით (106.4 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო -15.9 მლნ აშშ დოლარით (28.0 მლნ ლარით). ამავე კვარტალში საკურსო და სხვა ცვლილებების გამო მთლიანი საგარეო ვალი, შესაბამისად, 20.1 მლნ აშშ დოლარით (35.4 მლნ ლარით) და 1.1 მლნ აშშ დოლარით (1.9 მლნ ლარით) შემცირდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 24.2 მლნ აშშ დოლარით (42.6 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული და საკურსო ცვლილებების შედეგად ვალი 42.3 მლნ აშშ დოლარით და 5.4 მლნ აშშ დოლარით (74.6 და 9.5 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო ფასის ცვლილების შედეგად 23.5 მლნ აშშ დოლარით (41.4 მლნ ლარით) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 12.8 მლნ აშშ დოლარით (22.6 მლნ ლარით) შემცირდა, რაც თითქმის მთლიანად ოპერაციული ცვლილებებით იყო გამოწვეული (12.9 მლნ აშშ დოლარი ანუ 22.7 მლნ ლარი). ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 288.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 222.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 19.7 მლნ აშშ დოლარით (34.8 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან 18.9 მლნ აშშ დოლარით (33.4 მლნ ლარი) ზრდა გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებების შედეგად. ხოლო ფასის ცვლილების გამო საბანკო სექტორის ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით (6.8 მლნ ლარით) გაიზარდა, საკურსო ცვლილების გამო კი 3.0 მლნ აშშ დოლარით (5.3 მლნ ლარით) შემცირდა.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 67.3 მლნ აშშ დოლარით (118.6 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან 50.8 მლნ აშშ დოლარით (89.6 მლნ ლარით) გაიზარდა არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებები, ხოლო არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებების ზრდამ 16.4 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული და ფასის ცვლილებების გამო, შესაბამისად, 45.8, და 33.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (80.6 და 58.2 მლნ ლარი), ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად შემცირდა, შესაბამისად, 6.8 და 4.7 მლნ აშშ დოლარით (12.0 და 8.3 მლნ ლარით).

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 5.1 მლნ აშშ დოლარით (9.0 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული და სხვა ცვლილებების შედეგად ზრდამ, შესაბამისად, 6.4 და 3.7 მლნ აშშ დოლარი (11.3 და 6.5 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად კლებამ 4.9 მლნ აშშ დოლარი (8.7 მლნ ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 69.9 მლნ აშშ დოლარით (123.1 მლნ ლარით) გაიზარდა და 12.3 მლრდ აშშ დოლარი (21.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 14.7 მლნ აშშ დოლარით (25.9 მლნ ლარით) შემცირდა და 831.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 8.5 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 51.9 პროცენტია; აქედან, წმინდა სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მლრდ აშშ დოლარი (4.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.0 პროცენტი), ხოლო კერძო სექტორის წმინდა საგარეო ვალმა - 5.7 მლრდ აშშ დოლარი (9.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.9 პროცენტი).