"საქართველოს რკინიგზის" 8 თვის შემოსავლებმა 335,1 მლნ ლარი შეადგინა

სს "საქართველოს რკინიგზა" 8 თვის ოპერატიულ მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ , მიმდინარე წლის 8 თვის ოპერატიული მონაცემებით, "საქართველოს რკინიგზის" შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 335,1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9,3%-ით (28,6 მლნ. ლარი) მეტია.

"საქართველოს რკინიგზის" მონაცემებით, სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავალი 6,9%-ით (16,3 მლნ. ლარი) არის გაზრდილი და შეადგინა 251,2 მლნ. ლარი, რაც მშრალი ტვირთების და ნავთობპროდუქტების გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა შავი ლითონის და ჯართის, შაქრის, სამრეწველო ნედლეულის და მარცვლეულის გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლი.

მათივე ინფორმაციით, მზარდი დინამიკით გამოირჩევა ასევე ცემენტი და სამშენებლო ტვირთები, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ასევე 2014 წლის განმავლობაში. სატვირთოს სხვა ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 70,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18,7%-ით მეტია.