პროფესიები, რომელთა ანაზღაურება 1 500 ლარს აღემატება

დასაქმებისა და გაწეული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურება საქართველოში ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და, შესაბამისად, არც ანაზღაურებაა ურიგო.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მოხელეებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სფეროში დასაქმებულ პირებს აქვთ (1600-დან 1800 ლარამდე), ყველაზე მცირე საშუალო ხელფასი კი განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებს.

გარდა ოფიციალური მონაცემებისა, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს, Ambebi.ge დაინტერესდა კერძო სექტორში მოთხოვნადი სპეციალობებით, რომელთა კვალიფიციური კადრები 1500 ლარზე მეტ საშუალო თვიურ ანაზღაურებას იღებენ.

აღმოჩნდა, რომ IT მენეჯერებზე საქართველოში მაღალი მოთხოვნაა და კვალიფიციური კადრის შემოსავალი მინიმუმ 1 500 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეს სპეციალობა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერების წლიური შემოსავალი დაახლოებით 125.600 დოლარს შეადგენს.

საქართველოში პროფესიონალთა შემოსავალი 1 500 ლარს აჭარბებს მარკეტინგის მენეჯერების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, წარმატებულ კომპანიაში დასაქმებული მარკეტინგის მენეჯერების ანაზღაურებაში 1 500 ლარი ქვედა ზღვარიც კია. რაც შეეხება ქართველი მარკეტოლოგების ევროპელსა და ამერიკელ კოლეგებს, ბუნებრივია, მათი შემოსავალი ბევრად უფრო შთამბეჭდავია; ბოლო მონაცემებით, ევროპასა და აშშ-ში მარკეტინგის მენეჯერების წლიური შემოსავალი დაახლოებით 126.196 დოლარია.

საქართველოში, გარკვეულ შემთხვევებში, 2 000 ლარზე მეტია აუდიტორულ კომპანიებში დასაქმებულ აუდიტორთა შემოსავალი - ცხადია, გამოცდილებისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისად.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პერსონალია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები, რომელთა შემოსავალი როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე წარმატებულ კომპანიებში აჭარბებს 1 500 ლარს. თუმცა უნდა ითქვას, რომ იგივე პროფესიას აშშ-სა და ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათეულში ვერ ნახავთ.

ევროპის მსგავსად, ჩვენთანაც ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან საქმიანობად ითვლება არქიტექტურული და საინჟინრო მენეჯმენტი. მართალია ქართველი არქიტექტორების საშუალო წლიური ხელფასი მათი უცხოელი კოლეგების მსგავსად 129.350 დოლარს ვერ უტოლდება, თუმცა ამ სფეროს მცოდნე პროფესიონალებს, რომლებიც წარმატებულ სამშენებლო კომპანიებში არიან დასაქმებულნი, საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვთ საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პროფესია, რომელიც ევროპისა და აშშ-ს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადად მიიჩნევა, საქართველოში დაუფასებელია, ან საერთოდ არ არის ათვისებული. მაგალითად, სამრეწველო ორგანიზაციული ფსიქოლოგები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მენეჯერები აშშ-სა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კადრები არიან. თუმცა იმისთვის, რომ ეს პროფესიები დაინერგოს საქართველოში, ერთ შემთხვევაში ქვეყანაში ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება, მეორე შემთხვევაში კი მეცნიერების სფეროს კიდევ უფრო წინსვლაა საჭირო. საბუნებისმეტყველო სფეროში დასაქმებულ მენეჯერებს წელიწადში საშუალოდ 128.230 დოლარს უხდიან, თუმცა ბევრად აღემატება აღნიშნულ თანხას მათი შემოსავალი, ვინც კოსმოსურ ინდუსტრიაშია ჩართული.

საქართველოში ასევე მაღალანაზღაურებად საქმიანობად მიიჩნევა ბუღალტერია და ზოგად ფინანსური მენეჯმენტი. ამ პროფესიის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ის მოთხოვნადია არა მხოლოდ საბანკო სექტორში, არამედ ნებისმიერ კომპანიაში, საქმიანობის მიმართულების მიუხედავად. საქართველოში მსხვილ კომპანიებში დასაქმებული მთავარი ბუღალტრების შემოსავალი 2 000-დან 3 000 ლარამდეც აღწევს.

ასეთ სურათს აჩვენებს Ambebi.ge-ს მიერ ჩატარებული მოკვლევა. რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ მონაცემებს, იქ მოცემულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურების საშუალო თვიური მაჩვენებლები. აქ ჩამოთვლილ სფეროებს შორის არის სოფლის მეურნეობა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, განათლება, ჯანდაცვა, სახელმწიფო მმართველობა. გარდა ამ მონაცემებისა, საგულისხმოა საჯარო სექტორში დასაქმებულ მაღალჩინოსანთა ხელფასები.

სახელმწიფო მართვის სფეროში დასაქმებულთა ხელფასები და სახელფასო დანამატების გასაჯაროებას რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მაშინ კონკრეტულად, მინისტრების მიერ 2013 მიღებული პრემიები და სახელფასო დანამატებიც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტი დანამატი (83076) თავდაცვის მინისტრს, ყველაზე ნაკლები კი განათლების მინისტრს ჰქონდა (25034).

საინტერესოა ისიც, რომ პარლამენტის აპარატში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილების უფროსის ანაზღაურება თითქმის 3 000 ლარს აღწევს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად 1 724 000 ადამიანი ითვლება. აქედან, თვითდასაქმებულია 1 054 000, დაქირავებით დასაქმებული კი - 662.200 ადამიანი.

სალომე შიხაშვილი

წყარო: Ambebi.ge