ნოდარ ხადური სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან მენო შნელთან, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მასუდ აჰმედთან, აგრეთვე, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ფრანკ ჰემსკერკთან, ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ლორა ტაკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების განყოფილების დირექტორთან და მთავარ ეკონომისტთან, ოლივიე ბლანშართან, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტთან, კიოში კოდერასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვილჰელმ მოლტერერთან.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის ფინანსთა მინისტრთან, ალექსანდრ შლაპაკთან.

სამინისტროს ცნობით, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ინვესტორებთან და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.