გიორგი ქადაგიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 10-12 ოქტომბერს, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ეროვნული ბანკის ცნობით, ყოველწლიურ შეხვედრაზე განიხილება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხები. განისაზღვრება ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სახელმწიფოთა მთავრობებისადმი მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.

მათივე ინფორმაციით, ვაშინგტონში გიორგი ქადაგიძე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის ბანკის მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა კონფერენციაში, სადაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენებას გააკეთებს. დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრები სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან მენო შნელთან და ფრანკ ჰიმსკერკთან. გიორგი ქადაგიძე ასევე შეხვდება სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს, სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ ახმედს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს უგურ დელიკანლის. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის მმართველებთან, ასევე, სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე საფინანსო წრეების წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.