რამდენ ფულს შოულობენ "მარშრუტკების" მძღოლები

"მას შემდეგ, რაც პლასტიკური ბარათით გადახდა დაიწყეს მგზავრებმა, ჩვენი შემოსავალი საკმაოდ შემცირდა."

მათთვის, ვისაც ყოველდღიურად ქალაქში გადაადგილება ყვითელი მიკროავტობუსებით უწევს, არაკომფორტული მგზავრობა ნაცნობი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ "თბილისის მიკროავტობუსმა" მგზავრების ფეხზე დაყენების აკრძალვის პირობა რამდენჯერმე დადო, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ფეხზე დგომის გარდა, მგზავრები ზაფხულში უკონდენციონერობას უჩივიან, ზამთარში კი უჰაერობას. საინტერესოა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ თავად სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მუშაობის დასაწყებად, რა პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურად და როგორია მათი საშუალო ანაზღაურება.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მძღოლის ყოველდღიური შემოსავალი მარშრუტის დატვირთვაზეა დამოკიდებული. ერთ მძღოლს საშუალოდ, 40 ლარი რჩება სამუშაო დღის ბოლოს. თუმცა, ზაფხულში, როცა მოსახლეობის რაოდენობა ქალაქში განახევრებულია, მათი შემოსავალიც იკლებს. რაც შეეხება კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრთა ნაკადის სიმრავლეს, ამას ტრანსპორტში დამონტაჟებული ვიდეოთვალის მეშვეობით ადგენენ.

თავად სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ჩვენთან საუბრის დროს აცხადებენ, რომ მათი საშუალო შემოსავალი დღეში 15-20 ლარია: "ბენზინს ჩვენ ვასხამთ. გარდა ამისა, ყველა ხარჯის დაფარვა თავად გვიწევს. თვეში 12 დღე ვმუშაობთ, გვიწევს მორიგეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი თვიური ხელფასი საშუალოდ 240 ლარია. მას შემდეგ, რაც პლასტიკური ბარათით გადახდა დაიწყეს მგზავრებმა, ჩვენი შემოსავალი საკმაოდ შემცირდა. ბარათიდან გადახდილი თანხის არც ერთი პროცენტი არ გვეკუთვნის მძღოლებს."

#145 მარშრუტის მძღოლები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ტექნიკური პრობლემებით გამოწვეულ მანქანის ხარჯებს ასახელებენ: "ყოფილა შემთხვევა, რომ მანქანის გაუმართაობის გამო 2-3 დღე ვერ მიმუშავია, მაგრამ ინდმეწარმის გადასახადს, თვეში 45 ლარს, ასეთ დროსაც გვახდევინებენ. ამაზე მეტი უსამართლობა რაღა უნდა იყოს",- ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

"რამდენიმე დღის წინ "ცეპლენია" და ტურბო გამოვიდა მწყობრიდან. ორივეს გაკეთება დაახლოებით 1500 ლარი დამიჯდა. დღეში საშუალოდ 20 ლარი მრჩება, თვეში კი 12 დღეს ვმუშაობ. თითქმის ყველას ბანკის ვალი გვაქვს... პრეტენზიას გამოვთქვამთ თუ არა, კომპანიაში გვეუბნებიან, არ გინდათ და წადითო. იციან, რომ ჩვენი ასაკის ხალხის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. მე თუ წავალ, ჩემს ადგილას ეგრევე სხვა მოვა. ამით სარგებლობენ",- ამბობს #61 მარშრუტის ერთ-ერთი მძღოლი.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" მაქანის ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემას იმით ხსნიან, რომ კომპანიის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ მძღოლების მიერ გადახდილი თანხაა, შესაბამისად, მათ არ აქვთ დამატებითი ფინანსები ტექნიკური პრობლემების გამოსასწორებლად.

145-ის მარშრუტის მძღოლები აცხადებენ, რომ ერთადერთი, რასაც კომპანია უზრუნველყოფს, ზეთის შეცვლაა, თუმცა ზეთის საფასურსაც, დაახლოებით 100-150 ლარს, თავად იხდიან. ამჟამად მიკროავტობუსები დაზღვეული არ არის.

ამ დროისთვის დედაქალაქში სულ 2 000 მიკროავტობუსი მოძრაობს, ხოლო მარშრუტების რაოდენობა 183-ს შეადგენს. "თბილისის მიკროავტობუსში" ამ დროისთვის 1900 მეიჯარე და 2000-მდე მინდობილობით მომუშავე მძღოლია დასაქმებული.

სალომე შიხაშვილი