ხათუნა გოგორიშვილი: სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებისთვის 54-მილიონ 130 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა

2014 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებისთვის 54-მილიონ 130 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა. ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 321 ადამიანით მეტი მუშაობს სახელმწიფო სამსახურში.

აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა ფინანსთა მინისტრის უმცირესობასთან შეხვედრისას გააკეთა. სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება. გოგორიშვილმა ნოდარ ხადურს განმარტებების გაკეთება საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის და პრემიების საკითხზე სთხოვა და დაინტერესდა, "როდემდე უნდა იხარჯებოდეს ასობით მილიონი ჩინოვნიკების შესანახად, როცა ბიუჯეტი გარღვეულია და უცნობია, იზრდება თუ არა პენსია".

"2012 წლის 13 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როდის და როგორ დარეგულირდებოდა ხელფასების და პრემიების საკითხი, რაც 2013 წლის ბიუჯეტში ბუნდოვანი და გაუგებარი იყო, თქვენ მიპასუხეთ: "ეს არის ბოლო ბიუჯეტი, სადაც სახელფასო საკითხები მოწესრიგებული არ არის. ფინანსთა სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა დასარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შესაქმნელად და მომავალი წლის ბიუჯეტში ნახავთ, ეს პრობლემა როგორ აღარ იქნება". ახლა გეტყვით, რა მდგომარეობაა ორი წლის შემდეგ. ყველამ ვიცით, რომ 2014 წლის ბიუჯეტით აღნიშნული საკითხი არ დარეგულირდა. საზოგადოებისთვის ფართოდ არის ცნობილი თქვენი ხელისუფლების სახელფასო პოლიტიკა, პრემიები, რამდენი მილიონი გაიცა და რომელ სტრუქტურებში... გეტყვით, რას გეგმავთ 2015 წელს ხელფასებთან დაკავშირებით: 2014 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია 54-მილიონ 130 ათასით მეტი ლარი. ეს იმ ფონზე, როცა საშტატო ერთეულების რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ იზრდება. ხოლო თუ ვნახავთ, სად მცირდება და სად იზრდება, სურათი აბსოლუტურად განსხვავებულია. 2012 წელს სახელმწიფო სამსახურში 101 017 საშტატო ერთეული იყო, ხოლო 2015 წელს - 109 338 იმუშავებს. შესაბამისად, ამ ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიაში 8 321 ადამიანით მეტი მუშაობს. ეს მაშინ, როცა თქვენმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე მთავრობა იყო", - მიმართა ხადურს გოგორიშვილმა.

თავის მხრივ, გოგორიშვილის მიერ მოყვანილი ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა არ დაადასტურა და საჯარო სექტორში ხელფასების და შტატების გაზრდა და ბიუჯეტში ასახული რიცხვები ახალი სამსახურების შექმნას დაუკავშირა.