2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში 5 ნოემბერს შევა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა იმ შენიშვნებზე ისაუბრა, რომელიც მმართველი გუნდის წევრებს 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მინისტრის განცხადებით, შენიშვნები ძირითადად უწყებებისთვის დაფინანსების ზრდას შეეხება.

,,ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ განათლებისა და თავდაცვის უწყებები. ასევე, ფინანსების ზრდას ელოდებიან ჯანდაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის კუთხითაც. ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის შენიშვნებით მივიღებთ, ხოლო 5 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს შესწორებულ ვარიანტს დავუბრუნებთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენს.