თაღლითი მშენებლების დაკავება გახშირდება

ბოლო პერიოდში რამდენიმე პასუხისმგებელი პირია დაჭერილი.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ძალოვანი სტრუქტურების მიერ სამშენებლო კომპანიების დირექტორების დაკავების ფაქტი, შესაძლოა, გახშირდეს. ბოლო პერიოდში სამშენებლო კომპანიების რამდენიმე ხელმძღვანელია დაჭერილი. სავარაუდოდ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა ის პირი, რომელთაც მობინადრეებისგან თაღლითურად ათასობით ლარი აქვთ მითვისებული. მართალია, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შსს-ს წარმომადგენლებს ღიად არ განუცხადებიათ, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ლოგიკურად ასეთ დასკვნამდე მივყავართ.

სულ ახლახან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ”ოლიმპიური ვარსკვლავის თავმჯდომარე და შპს ”ოლიმპიური ვარსკვლავის” დირექტორი ზაზა რაზიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალად ”ოლიმპიური ვარსკვლავის” წევრების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება ედება.

სამიოდე თვის წინათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანია ”იბერია სითის” დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავეს. ერთი თვის წინ ბრალდებაში მიეცა ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი ზურაბ დანელია. ძალოვან სტრუქტურებთან პრობლემა აქვს ”ცენტრ-პოინტს”, რომლის საქმე ჯერაც გამოძიების პროცესშია.

დიდი ალბათობით, მათ ბედს კიდევ რამდენიმე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი გაიზიარებს. გენპროკურატურაში სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულების უამრავი განცხადებაა შესული, რაზეც გამოძიება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კომპანიების დასახელებისგან პროკურატურაში თავს იკავებენ. ჯერჯერობით, სანამ პროცესი არ დასრულდება, გამოძიების დეტალები არც ”ცენტრ-პოინტის” საქმესთან დაკავშირებით გახმაურდება.

რა შედეგი მოჰყვება დაკავებას, მომავალში გაირკვევა. სპეციალისტები ამ პროცესს სამშენებლო სფეროში მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთ შესაძლებლობად მიიჩნევენ.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ფიქრობს, რომ გამოძიების მიმდინარეობა და სკანდალური სქემის გახმაურება სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიტუაციას უფრო მოაწესრიგებს.

”ადრე კომპანიები თუ ჰაერს ყიდდნენ, დღეს შეეცდებიან, თავიანთი საქმიანობა უფრო პროგნოზირებადი გახადონ და ჰაერის ნაცვლად, რეალური ფართი გაყიდონ. ჩემი აზრით, ”ცენტრ პოინტის” სკანდალი ამ ბიზნესში არსებულ სიტუაციას უფრო მოაწესრიგებს, ვიდრე უარყოფით გავლენას მოახდენს”,-ამბობს ვარდოსანიძე.

სამშენებლო კომპანიების დირექტორების მხილებამ და მათ პასუხისგებაში მიცემამ დაზარალებულებში გაურკვევლობა გამოიწვია.  ”ოლიმპიური ვარსკვლავის” მობინადრე ნათელა მაჭარაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ დასკვნას გამოიტანს და თაღლითური სქემა გაიშიფრება, თუმცა ამით რას მიიღებენ დაზარალებულები და რა ბედი ეწევა მშენებარე ობიექტს, ჯერჯერობით უცნობია.

”ჩვენი მენტალობის ადამიანის დაკავება და მისთვის მძიმე ბრალის წაყენება ადვილი არ არის. ეს მობინადრეებისთვისაც მტკივნეული აღმოჩნდა, ამას გულწრფელად ვამბობთ. სამწუხაროდ, ეს გახდა ზაზა რაზიკაშვილის არჩევანი, სხვა გზა არ დაგვიტოვა. რამდენიმე წელია, ჩვენი უფლებების დასაცავად ვიბრძვით. პროექტი 2009 წელს უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელთან პრობლემა გვაქვს, მას არასდროს გადმოუდგამს ნაბიჯი ჩვენკენ, რომ ეთანამშრომლა და ერთად გვეპოვა გამოსავალი. ელემენტარულად, ვერ მივაღწიეთ, რომ რეალური ამხანაგობის წევრები გაეცნო. აქაც თაღლითობაა, რამდენიმე ისეთი მფლობელია, რომელსაც პურის ფული არ აქვს, მაგრამ მშენებლობაში ასობით ათასი ლარი აქვს შეტანილი. ხელშეკრულებები შევისწავლეთ და უამრავი ხარვეზი აღმოვაჩინეთ. სამშენებლო კომპლექსის მხოლოდ ერთ ნაწილში, რომელიც კომერციულ ობიექტადაა გათვალისწინებული, მობინადრეების მიერ შეტანილი თანხა 3,2 მილიონი დოლარია, ანუ იმაზე მეტია, რაც საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა”,- ამბობს მაჭარაშვილი.

დაზარალებულებს მხოლოდ ხელისუფლების დახმარების იმედი აქვთ. ”ზაზა რაზიკაშვილს სახელმწიფოს მიმართ 27 მილიონი ლარი დაუგროვდა. ეს ვალი რომ ჩამოიწეროს, მშენებარე ობიექტს მშენებლობის დასრულების რეალური რესურსი გაუჩნდება. ინვესტორიც ადვილად მოიძებნება და ჩვენი პრობლემის მოგვარებასაც შევძლებთ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ”,- ამბობს დაზარალებული.

”იბერია სითის” საქმეზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიის ორი წარმომადგენელია დაკავებული. დაზარალებული მობინადრის, ნიაზ მამრიკიშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით არცერთი მობინადრე არ დაუკითხავთ. უცნობია, რა ბედი ეწევა ამ ადამიანებს და რა შეიცვლება გამოძიების დასრულების შემდეგ.

”პროკურატურაში არაფერს გვეუბნებიან. რამდენადაც ვიცით, საუბარია, მშენებარე ობიექტი აუქციონზე გაიტანონ, თუმცა დაპირებიდან რეალობამდე რა ნაბიჯია, ვერ გეტყვით. ჩვენი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველია. არ გამოვრიცხავთ ინვესტორი დაინტერესდეს, რაც ადრეც შეინიშნებოდა, თუმცა ”იბერია სითის” თაღლითი ხელმძღვანელების პირობებში, შედეგი არცერთ მოლაპარაკებას არ მოჰყოლია. არ ვიცით, რა შეიცვლება ჩვენთვის. გოდაბრელიძის დაკავებიდან 3 თვე გავიდა, მაგრამ არცერთი დაზარალებული არ დაუკითხავთ”, -აცხადებს ნიაზ მამრიკიშვილი.

გაურკვეველ მდგომარეობაში არიან ”ცენტრ-პონტის” დაზარალებული მობინადრეებიც. ისინი პროკურატურისგან საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დაპატიმრებას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით, 600 ათასი ოჯახია, რომლის მიმართაც კომპანიას შეუსრულებელი ვალდებულება აქვს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”