ნოდარ ხადური: New York Times-ში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გადარიცხული არ ყოფილა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა International New York Times-ში გადარიცხული არ ყოფილა ხაზინის მეშვეობით.

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ავტორობით International New York Times-ში დაბეჭდილი სტატია სარეკლამო წესით გამოქვეყნდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხადურის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხები ლობისტებისთვის გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში საკონსულტაციო მომსახურებისთვის თანხების გადახდა ხდება. ფინანსთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ International New York Times-ს რეკლამა agenda.ge-მ დაუკვეთა. მისი განმარტებით, agenda.ge საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის.

16 ოქტომბერს გამოცემა International New York Times-ში გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან "შეკრული" ივანიშვილი”. სტატიაში დავით უსუფაშვილი აღნიშნავდა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს.