დოლარი ევროსთან მიმართებაში დასუსტდა

Admiral Markets-ის ანალიტიკური ჯგუფის ინფორმაციით, გასულ კვირას მნიშვნელოვანი იყო დოლარის დასუსტება ევროსთან მიმართებაში.

მათივე განმარტებით, ამის მიზეზი გახდა არა მარტო შეერთებულ შტატებში გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ევროპაში იგეგმება ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარება ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. პირველ რიგში, ეს ეხება დაბალი ინფლაციის მაჩვენებელს. ბოლო მონაცემის მიხედვით, იგი დაფიქსირდა 0.3 პროცენტზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი დაიწყებს ეკონომიკის აქტიურ სტიმულირებას. ეს პროცესი დაიწყება ახლო მომავალში.

სუსტ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, შტატებში გამოვიდა საცალო გაყიდვების ინდექსი, რომელიც წინა მონაცემზე დაბალი აღმოჩნდა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გარეშე საცალო გაყიდვების რიცხვი შემცირდა 0,2 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ჩათვლით 0.3 პროცენტით. წელს ეს უმნიშვნელო კლება პირველად დაფიქსირდა. ამავე დროს მწარმოებლების ფასების ინდექსმა, რომელიც წარმოადგენს ინფლაციის ერთ-ერთ მაჩვნებელს, დაიკლო 0,1 პროცენტით. ასეთი მაჩვენებლების გამო საუბარი იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკა განიცდის სირთულეებს, ცოტა არ იყოს სასაცილოა.

ბიუჯეტის დეფიციტი კი მნიშვნელოვნად შემცირდა. პირველად 2008 წლის შემდეგ მან დაიკლო 29 პროცენტით და მთლიანობაში დეფიციტმა შეადგინა 483 მილიარდი დოლარი, რაც წარმოადგეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8 პროცენტს. ეს კი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დადებითი მონაცემია.

აქვეა აღსანიშნავი, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეერთებული შტატები არ აპირებს გაზარდოს საბაზისო პროცენტი, რომელიც ამჟამად შეადგენს 0.25-ს. ეს გაგრძელდება, მანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

ასეთი ინფორმაციების ფონზე, საერთო ევროპულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში 2 საათის განმავლობაში 250 პუნქტით მოიმატა, რაც ყველაზე დიდი ზრდა იყო ბოლო პერიოდის მანძილზე.

მომზადებულია კომპანია Admiral Markets ანალიტიკური ჯგუფის მიერ

http://www.admiralmarkets.ge/analytics/