"ნაციონალური მოძრაობა": თბილისის მერი ბიუჯეტის შესრულებას ვერ ახერხებს

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის შესრულებას ვერ ახერხებს.

პარტიის წევრები აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

"როგორც ჩანს, თბილისის მერი – დავით ნარმანია, მის მიერ, უკვე სეკვესტრირებული ბიუჯეტის შესრულებასაც ვერ ახერხებს და ამ მიზნით აბსურდული, სასაცილო, თუმცა ამავდროულად მავნებლური მეთოდების გამოყენება დაიწყო. ამ პერიოდისთვის თბილისის მერიას 70 მილიონ ლარზე მეტი ნაშთი აქვს საბანკო ანგარიშზე, რაც იმის ერთმნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომ დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსგავსად, ვერც თბილისის მერიაში ახერხებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელებას, ანუ ბიუჯეტის შესრულებას.

2014 წლის 4 სექტემბერს დავით ნარმანიამ გამოსცა ბრძანება #508, რომლითაც ფაქტიურად მითითება მისცა საქალაქო სამსახურებს ავანსის სახით შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პროცენტი გაეთვალისწინებინათ. შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობით, დედაქალაქის მთავრობამ, მათ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში, დაიწყო უპრეცედენტოდ დიდი ავანსების გაცემა. რაც ყველაზე მეტად საგანგაშოა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ავანსები გახლავთ სავალდებულო და გადასახდელი თანხების 95% და ცალკეულ შემთხვევებში 100%-ს აღწევს. ამ ოდენობით ავანსის გაცემის წესად ქცევა, ტენდერების უმრავლესობაში გამოყენება და მისთვის სავალდებულო ხასიათის მინიჭება საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეფექტური ხარჯვაა.

ჩვენ შევისწავლეთ ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემის შემდეგ თბილისის მერიის (გარდა გამგეობებისა) მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი (სულ 129), რომლიდანაც ირკვევა შემდეგი: გამოცხადებული 129 ტენდერიდან ავანსი გამოიყენება 78 შემთხვევაში (საიდანაც 36 შემთხვევაში ავანსის გამოყენება სავალდებულოა!), საიდანაც: 30%-იანი ავანსი გაიცემა – 1 ტენდერში; 50%-იანი ავანსი გაიცემა – 54 ტენდერში; 70%-იანი ავანსი გაიცემა –1 ტენდერში; 95%-იანი ავანსი გაიცემა – 13 ტენდერში; 100%-იანი ავანსი გაიცემა – 9 ტენდერში.

51 შემთხვევაში ავანსი არ გამოიყენება, თუმცა ეს შედარებით დაბალფასიანი, უმრავლეს შემთხვევაში 100 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოებია. საავანსო 78 ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულებაა 28 160 245 ლარი, საიდანაც ჯამურად ავანსის სახით თბილისის მერია გასცემს 17 645 827 ლარს.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მერიაში აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, წინასწარი ავანსის გაცემა არასოდეს ყოფილა სავალდებულო. თავისთავად ავანსი არის ანგარიშსწორების ფორმა, რომელიც მიმწოდებელს უნდა ანიჭებდეს უფლებას (და არა ვალდებულებას) ისარგებლოს ამ შეთავაზებით. აბსურდული და სასაცილოა, დაავალდებულო მიმწოდებელი წინასწარ აიღოს თანხა, მაშინ როდესაც მას ეს არ სჭირდება, თუმცა სასაცილოს გარდა, დავით ნარმანიას ეს ,,მიგნება" მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს - დააზარალებს დედაქალაქის ბიუჯეტს, რაც შესაბამისად დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. კერძოდ,

1.როგორც ცნობილია, დედაქალაქის ანგარიშზე არსებულ ფულად ნაშთს ერიცხება საპროცენტო სარგებელი. მილიონობით ლარის სავალდებულო წესით ავანსად გაცემის ნაცვლად, მათი თბილისის მერიის საბანკო ანგარიშზე დატოვება ბიუჯეტის შემოსავლის წყაროა. კერძოდ, თბილისის მერიის სახსრებს 40 მილიონ ლარამდე ერიცხება ყოველწლიური 16%, ხოლო 40 მილიონი ლარის ზემოთ 4 % სარგებელი.

,,დარღვევა არის ის, რომ მოხდა ბანკის ანგარიშზე არსებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის შემცირება..."- დავით ნარმანიამ განაცხადა 2014 წლის 12 სექტემბერს, როდესაც ,,ლიბერთი ბანკს" და მერიის თანამშრომლებს აბსურდულ კორუფციულ გარიგებაში დასდო ბრალი, რისი უარყოფაც მოგვიანებით თავადვე მოუწია. გვინდა განვუმარტოთ ბატონ ნარმანიას, რომ დარღვევა ზუსტადაც არის ბანკის ანგარიშზე არსებული თანხების ასე ხელოვნურად გადინება ბიუჯეტიდან, მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის სახით თბილისის ბიუჯეტი ყოველთვიურად რამდენიმე ასეულ ათას ლარს დაკარგავს თბილისის მერის ამ უგნური, უკანონო გადაწყვეტილების გამო.

2.საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის დოკუმენტის აღება (რისი წარმოდგენაც აუცილებელია ტენდერის პირობების მიხედვით) გახლავთ ფასიანი და მისი ღირებულება, როგორც წესი მთლიანი გასაცემი საავანსო თანხის 3-დან 5%–მდე შეადგენს წლიურად. ანუ ეს არის ხარჯი, რომელიც სავალდებულო ავანსის გამო სავალდებულოდ გასაწევი ექნება შემსრულებელ ორგანიზაციას. ეს უკანასკნელი იძულებული იქნება ეს ხარჯი ასახოს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაში, რაც შესაბამისად გამოიწვევს სატენდერო წინადადების ფასის ზრდას. საბოლოოდ კი თბილისის მერიას მოუწევს ბიუჯეტიდან მეტი თანხების გადახდა;

3.მსგავსი სატენდერო პირობების გამო კონკურენცია ტენდერებში იქნება დაბალი ან საერთოდ ჩაიშლება, რადგან საბანკო გარანტიის აღება არ არის ყველა კომპანიისთვის ადვილად ხელმისაწვდომი (განსაკუთრებით დამწყები კომპანიებისთვის). ასევე ძალიან ბევრ კომპანიას, რომელთაც შეუძლიათ დიდი მოცულობის სამუშაოებიც კი ავანსის გარეშე აწარმოონ, არ ექნებათ სურვილი აიღონ მსგავსი ტიპის საბანკო გარანტიები, რომლის აღებაც, როგორც წესი, მათი კუთვნილი თანხების საბანკო ანგარიშზე გაყინვასთან ან/და ქონების ბანკში ჩადებასთანაა დაკავშირებული; აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკაც, კერძოდ, 2014 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე, დავით ნარმანის ხელმძღვანელობით ჩატარებული 63 ტენდერიდან: არ შედგა ან შეწყდა – 28 ტენდერი. ეს ციფრები ზემოთაღნიშნული სატენდერო პირობების შემთხვევაში შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან მიმდინარეობს კიდევ 66 ტენდერი.

როგორც ჩანს, დავით ნარმანიას მისი მინისტრობის პერიოდიდან აქვს გამოყოლილი ბიუჯეტის ვერშესრულების ფობია. ტენდერის მსგავსი პირობების შედგენით, წლის ბოლოს, იგი სავარაუდოდ, შეეცდება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და ავანსად გაცემული თანხების მანიპულირებით თბილისის ბიუჯეტი ათვისებულად წარმოადგინოს. სხვა არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ უნდა იყოს სავალდებულო ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის ავანსის წარმოდგენა, თანაც ამხელა ოდენობებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ყოველგვარი ავანსის გარეშე შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის ან მოცულობის სამუშაოს შესრულება. და მეორე, ამასთან ერთად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტენდერებში კონკურენციის შემცირებით, თბილისის მთავრობა ცდილობს ტენდერები მოაგებინოს მათთან დაკავშირებულ ფირმებს და სულ არ ანაღვლებს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა და სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება.

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისადმი ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით, იწვევს ფულადი სახსრების არარაციონალურ ხარჯვას; შესყიდვების პროცესში ხელს უშლის და მნიშვნელოვნად აფერხებს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას; ვერ უზრუნველყოფს შესყიდვების პროცესში მონაწილე კომპანიების მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას.

აშკარაა, რომ მერიის მიერ დამტკიცებული მსგავსი სატენდერო პირობებით მოხდება დედაქალაქის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და არარაციონალური ხარჯვა, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ თბილისის მერს და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს გადახედონ და შეცვალონ თავიანთი აბსოლუტურად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელსაც ბევრ სხვა მავნებლობასთან ერთად შეუძლია ჩაშალოს არაერთი ტენდერი და მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება დროში გადადოს ან საერთოდ შეაჩეროს. ასევე, მოვითხოვთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების შესწავლა, იმისათვის რომ უზრუნველყოფილ იყოს სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერება და ეფექტიანობა", - აღნიშნულია განცხადებაში.