განსაკუთრებული დამსახურების მქონე უმაღლესი სასწავლებლების ყოფილ თანამშრომლებს შესაძლოა, ანაზღაურება დაენიშნოთ

უმაღლესი სასწავლებლების ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც წლების მანძილზე აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობები ეკავათ და განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით დაწესებულების წინაშე, ანაზღაურება დაენიშნებათ.

ანაზღაურების წესს და პირობებს უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური საბჭო დაადგენს. შესაბამისი ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შედის, რომლის ავტორი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია და პარლამენტში ინიცირებულია განათლების კომიტეტის მიერ. კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, დაწესებულების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილ თანამშრომელთათვის ანაზღაურება გასცეს.

ინიციატივას საპარლამენტო კომიტეტის წევრებს თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა აცნობს. უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს ფულადი ანაზღაურების გაცემის შესაძლებლობას უმაღლესი სასწავლებლის იმ ყოფილი პროფესორებისათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ ემერიტუსის წოდება.