საქართველო და ლიტვა საგადასახადო საკითხებში ითანამშრომლებენ

საქართველო და ლიტვა საგადასახადო საკითხებში ითანამშრომლებენ.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ და საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიტვის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა დაიანორას ბრადაუსკასმა ხელი მოაწერეს "საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" და "საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ" შეთანხმებებს. აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებაზე შეთანხმებას მხარეებმა 2014 წლის მარტში, ლიტვის საგადასახადო ინსპექციის უფროსის თბილისში ვიზიტისას მიაღწიეს.

შეთანხმებები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის საგადასახადო სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ასევე ინფორმაციის გაცვლის გზით გადასახადის თავიდან აცილების წინააღმდეგ ბრძოლას. "შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ" არის საქართველოს მიერ გაფორმებული პირველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც საგადასახადო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლას მოთხოვნის საფუძველზე, ასევე ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას.

შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.