"ვითიბი ბანკმა" და EBRD-მა იურიდიულ პირებს ენერგოკრედიტი შესთავაზეს

"ვითიბი ბანკმა" და EBRD-მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს.

"ვითიბი ბანკის" და EBRD-ის ენერგოკრედიტით ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტები ფინანსდება. ენერგოეფექტური პროექტები გულისხმობს ნებისმიერი ფორმით არსებული ენერგიის პირდაპირი ან საბოლოო მოხმარების შემცირებას. განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელება უნდა უზრუნველყოფდეს არაგანახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარების შემცირებას და მათ ჩანაცვლებას ისეთი განახლებადი ენერგიით, როგორიცაა ჰიდრო, ქარის, მზის და სხვა გეოთერმული რესურსები. პროექტი ითვალისწინებს EBRD-ის მიერ კომპანიებისთვის ენერგოეფექტურობის აუდიტის უფასოდ ჩატარებას.

ენერგოკრედიტის მაქსიმალური თანხა ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, საპროცენტო განაკვეთი კი 9%-დან 11%-მდე მერყეობს და მაქსიმალური ვადა 7 წელია. გარდა ამისა, ენერგოკრედიტით სარგებლობისას კომპანიას შეუძლია დაიბრუნოს სესხის 10%, ხოლო ენერგო აუდიტის ჩატარების შემთხვევაში, სესხის 15% უკან.