შიდა ვალის ათვისებაში გადაჭარბებაა

”ეს არის ფინანსური პირამიდა, მაგრამ ამ პრინციპით სხვა ქვეყნებიც მუშაობენ”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ფინანსთა სამინისტრომ შიდა ვალი კიდევ უფრო გაზარდა. 9 თვეში 13 მილიონი ლარით მეტი ფასიანი ქაღალდები გაყიდა და გეგმაში 2%-იანი გადაჭარბებაა. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოს უფრო მძიმე სურათი გვექნება. სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიხედვით, შიდა ვალი 503,6 მილიონი ლარით გაიზარდა. გეგმის მიხედვით კი 490 მილიონი ლარის ვალის აღება იყო გათვალისწინებული. დარჩენილ სამ თვეში ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ 97 მილიონი ლარის შიდა ვალი უნდა იმყოფინოს.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი შიდა ვალი სახელმწიფომ სწორედ წელს აიღო. ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2014 წელს 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ემისია დაიგეგმა. ფინანსთა სამინისტრო 310 მილიონი ლარით ძველ ვალდებულებებს ისტუმრებს, შიდა ვალის მოცულობა კი დამატებით 600 მილიონი ლარით იზრდება.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტრომ 359 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებისა და 444,290 მილიონი სახაზინო ობლიგაციის ემისია მოახდინა. საერთო ჯამში, სამინისტრომ 803,290 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. საყურადღებოა ერთი ფაქტიც. სახაზინო ობლიგაციების ემისიის მოცულობამ, რომელიც მრავალწლიანია, წელს პირველად გადააჭარბა სახაზინო ვალდებულებების მოცულობას. წლის ბოლომდე დამატებით 100 მილიონ ლარამდე ფასიანი ქაღალდი გაიყიდება. 5 ნოემბერს ეროვნული ბანკი აუქციოზე 10 მილიონი ლარის 10-წლიან ობლიგაციას გაიტანს.

ობლიგაციები, ძირითადად, 2-5-10 წლიანია. 10-წლიანი ობლიგაციის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11%-საც აჭარბებს. ასევე, წელს, თებერვალში, პირველად ფინანსთა სამინისტრომ 67,367 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაცია გამოუშვა. ეს ის პერიოდია, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი პიკს რომ აღწევდა. მომდევნო ემისია მარტში განხორციელდა და ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის აუქციონზე 52,417 მილიონი ლარის მოცულობის 10-წლიანი ობლიგაცია გაიყიდა, რომლის საპროცენტო განაკვეთმა 10%-ს გადააჭარბა. ასეთი დიდი მოცულობის ობლიგაციის ემისია ივლისსა და აგვისტოშიც განხორციელდა. ამ დროისთვის, სამინისტრომ მსხვილი შიდა ვალის აღების რესურსი თითქმის ამოწურა და მომდევნო თვეებში მხოლოდ მცირე მოცულობის ფასიანი ქაღალდების ემისია განხორციელდა.

ექსპერტი ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით შიდა ვალის ზრდა, ეს არის ფინანსური პირამიდა. ”კლასიკური გაგებით იგი ფინანსური პირამიდაა, უბრალოდ, ამ პროცესში მთავარი მოთამაშე სახელმწიფოა და ეს არასდროს შეწყდება. ვალების აღება საგადამხდელო ბალანსში და მაკროეკონომიკურ პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს. ასე უსასრულოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღლადების ემისია არ შეიძლება. აშკარად პირამიდაა - იღებ ვალს, ნაწილით ძველ ვალს ფარავ, ნაწილს გარკვეული ვალდებულებების დასაფინანსებლად იყენებ, შემდეგ ეს პროცესი ისევ მეორდება. საბოლოო ჯამში, შიდა ვალი დიდ მასშტაბს აღწევს. სხვათა შორის, ამ პრინციპით სხვა ქვეყნებიც მუშაობენ”, - ამბობს ვაჟა კაპანაძე.

მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ასეთი დიდი რაოდენობის ვალის აღება, როდესაც ხაზინის ანგარიშზე ნაშთის მოცულობა დიდია და სახელმწიფო უწყებები თანხებს ვერ ითვისებენ.

1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო შიდა ვალი 1,753 მილიარდ ლარზე მეტია. აქედან, 1,162 მილიარდი სახაზინო ობლიგაციების ემისიიდან დაგროვდა. 591 მილიონი ლარი კი სხვა ტიპის ფასიანი (ობლიგაცია ეროვნული ბანკისთვის და ღია ბაზრის ოპერაციებისთვის) ქაღალდების გამოშვებიდან. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე მხოლოდ ახალი სახელმწიფო ვალის შესახებ არსებობს ინფორმაცია, აქ ე.წ. ”ისტორიულ ვალზე” არაფერია ნათქვამი, იმ მოტივით, რომ ამ კატეგორიის ვალი დაუზუსტებელია.

ხაზგასასმელია, რომ 7 თვეში ქვეყნის შიდა ვალი თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს 1,345 მილიარდი ლარის შიდა ვალი აღნუსხა. შედარებისთვის, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, შიდა ვალი მხოლოდ 114 მილიონ ლარით გაიზარდა (2012 წელს 1,231 მილიარდი). 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით კი - 62 მილიონი ლარით (2011 წელს _ 1,169 მილიარდი). იმ პერიოდში ვალი, 2010 წელთან შედარებით, 116 მილიონი ლარით გაიზარდა.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ვალდებულებებით ფინანსთა სამინისტრო 1998 წლიდან ვაჭრობდა და ის 2006 წელს შეწყდა, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის აუქციონზე საპროცენტო საშუალო შეწონილმა განაკვეთმა 19,7-ს მიაღწია. 2009 წლის აგვისტოდან კი ფინანსური ბაზრის განვითარების მიზეზით შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დანერგილი პრაქტიკა აღდგა და თანაც ისე სწრაფად, რომ ვალმა ასეულობით მილიონ ლარს გადააჭარბა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”