ნოდარ ხადური EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ბენეტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი, ნოდარ ხადური EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ბენეტს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2015 წლის 13-15 მაისს, თბილისში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება იყო. ფინანსთა მინისტრმა, როგორც EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

"EBRD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკმა ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა გადადგან. ასევე, განვიხილეთ ახალი პროექტები, რომელთა დაფინანსებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს EBRD-ის შეღავათიანი ფინანსური რესურსები," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ საინვესტიციო გარემოთი, რომელიც საქართველოშია, თუმცა გვესმის, რომ არის სირთულეები, რომელთა გადაწყვეტისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან," – განაცხადა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ ბენეტმა.

შეხვედრას დაესწრნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა, ფრანსის მალიჟე, EBRD-ში აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის მმართველი დირექტორი და სამთავრობო კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი.