მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღი 300 000 ლარს მიიღებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოეყო.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, სიღნაღის რაიონის ბიუჯეტს პრობლემა იმის გამო აქვს, რომ მოსავალი გაუფუჭდა და გადასახადი ვეღარ გადაიხადა.

"წელს სიღნაღის რაიონში გვალვა იყო, რის გამოც მოსახლეობამ მოსავლის დიდი ნაწილი ვეღარ აიღო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია, ფიზიკური პირები აღარ გადაიხდიან მიწის გადასახადს და შესაბამისად, სიღნაღის რაიონის ბიუჯეტს გაუჩნდა პრობლემა, რადგან ეს მისი შემოსავლის წყარო იყო. ჩვენ 300 000 ლარი გამოვყავით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რათა სიღნაღის მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს საქმიანობა", – განაცხადა ნოდარ ხადურმა.