საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მკურნალობის ან სამედიცინო მომსახურების ხარჯისთვის მიღებული თანხა გადასახადისგან თავისუფლდება

ყველა ბენეფიციარი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მკურნალობის ან სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით საქველმოქმედო ორგანიზაციიდან სარგებელს მიიღებს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, სამინისტროს მიერ მომზადებული მორიგი ცვლილება მიმართულია ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერისკენ.

"აღნიშნული სარგებლის თანხა გათვალისწინებული არ იქნება ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში. შესაბამისად, ამ ნაწილში თავისუფლდება ქონების გადასახადისგან", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დებულების მოქმედება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება. "ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში უფრო მეტი თანხის მიმართვას და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ისედაც დიდი სოციალური დანახარჯების წინაშე დგანან", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.